ვისაუბრეთ რით დავეხმაროთ პარლამენტს, რომ გაგრძელდეს სასამართლო სისტემის რეფორმა - დეგნანი პაპუაშვილთან შეხვედრაზე

გამოქვეყნდა:

ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს შეხვდა. მედიასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთებულ კომენტარში ელჩმა აღნიშნა, რომ განიხილეს ის საკითხები, რაც ქვეყანამ უნდა გააკეთოს, რომ გაგრძელდეს სასამართლო სისტემის რეფორმა. 

დეგნანი ხაზს უსვამს, რომ სასამართლოს რეფორმა და კორუფციასთან ბრძოლა ერთ-ერთია12 რეკომენდაციიდან, რომელიც საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს.

"ძალიან სასარგებლო შეხვედრა გვქონდა, ყოველთვის სასარგებლოა პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა განვიხილავთ სხვადასხვა საკითხებს, რაზეც ვთანამშრომლობთ. ჩვენ გვქონდა საუბარი იმ დამატებით ნაბიჯებზე, რა უნდა გადაიდგას და რით უნდა დაეხმაროს აშშ საქართველოს პარლამენტს, რომ გაგრძელდეს სამართლებრივი რეფორმები და სასამართლო სისტემის რეფორმა, იმიტომ, რომ ეს გახლავთ 12 რეკომენდაციის შემადგენელი ნაწილი, როგორც სასამართლო სისტემის რეფორმა, ასევე კორუფციასთან ბრძოლა. 

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დეკემბერში საქართველო შეძლებს და მიიღებს კანდიდატის სტატუს, თუმცა ამისთვის სამუშაოა ჩასატარებელი. ჩვენ ვიცით, რომ არსებობს რეკომენდაციები ვენეციის კომისიისგან, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ დაკმაყოფილდეს ის სტანდარტი სასამართლო სისტემის რეფორმასთან, რაც არის გაწერილი 12 რეკომენდაციაში, ერთ-ერთი საკითხი გახლავთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება. ამ რეფორმაზე საუბარი ვენეციის კომისიის ბოლო 4 მოხსენებაში, ასევე იმ ანგარიშში, რომელიც ბოლო თვეს წარმოადგინეს. მეტი უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით", - თქვა დეგნანმა. 

მან უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, შეუშლის თუ არა მოსამართლეების სანქცირება კანდიდატის სტატუსის მიღებას ხელს:

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის დადებითი ნაბიჯი საქართველოსთვის, და შესაძლებლობა და შანსი, რომ მოხდეს რეაგირება და გაეცეს პასუხი იმ კორუფციის ბრალდებებზე, რაც არსებობს სასამართლო სისტემაში და ეს არის შანსი საქართველოსთვის წარმოადგინოს მტკიცე ერთგულება, რომ დააფუძნოს რეალურად დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სასამართლო სისტემა".

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი