11 თვის შემდეგ, დღეს ერგნეთის შეხვედრები განახლდება

გამოქვეყნდა:

რუსი ოკუპანტების მიერ ზაზა გახელაძის დაჭრა და დაკავება იქნება, სავარაუდოდ, ერთ-ერთი საკითხი, რაზეც დღეს, 30 ივლისს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატით გათვალისწინებული შეხვედრაზე იმსჯელებენ. რიგით 96-ე შეხვედრის გამართვა 21 ივლისს გადაწყდა.

შეხვედრა ზუსტად თერთმეტი თვეა არ გამართულა, 2019 წლის 29 აგვისტოს შემდეგ. მიზეზი ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმის პროტესტი იყო, რომლის ფარგლებშიც მათ ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთზე ქართული პოლიციის საგუშაგოს დემონტაჟი მოითხოვეს. საოკუპაციო რეჟიმმა პრეტენზია დღეს დაგეგმილ შეხედრამდე ერთი დღით ადრეც გამოთქვა. ე.წ. უშიშროების კომიტეტი ფოტოებს აქვეყნებს და აცხადებს, რომ   საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენლებმა "საზღვარი" დაარღვიეს.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აპირებენ დღეს უკანონო დაკავებებზე ისაუბრონ. შეხვედრას ელოდება ზაზა გახელაძის ოჯახი, რომელიც იმედოვნებს, რომ ამჯერად მაინც გაიგებენ, რას აპირებს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ხელისუფლება.

ზაზას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე არის უცვლელი. არის კარგად, როგორც შეიძლება იყოს დაჭრილის პირობებში. დელეგაცია ხვდება ერთმანეთს. სახელმწიფო უწყებები, ევროკავშირის უწყება და რუსეთის მხარე, - ამბობს გახელაძის მეუღლე ირმა ბუთხუზი.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის ზაზა გახელაძე 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ოკუპანტებმა ჯერ დაჭრეს, შემდეგ კი დააკავეს. გუშინ, 26 ივლისს გახელაძე საკარანტინო სივრციდან ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

საოკუპაციო რეჟიმმა 18 ივლისს საქართველოს მოქალაქეზე განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ზაზა გახელაძე დაკავებულია და კარანტინშია გადაყვანილი. 

საოკუპაციო რეჟიმი აცხადებს, რომ გახელაძე არ დაემორჩილა სამხედროების მოწოდებას, მინიმუმ 5-ჯერ მაინც ესროლა ერთ-ერთ მათგანს და საპასუხო ცეცხლის გახსნის შემდეგ დაიჭრა. მას ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავებმა ბრალი რუსეთი სისხლის სამართლის კოდექსით წარუდგინეს.

საოკუპაციო რეჟიმმა ქართული მხარე კონფლიქტის მოუგვარებლობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ საქართველო საერთაშორისო პარტნიორებთან "აბსურდულ პრეტენზიებს" გამოხატავს. კაბულოვის თქმით, "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის" არაღიარებით, ქართული მხარე კონფლიქტის ცივილიზებული გზით მოაგვარების ყველა შანსს კარგავს.

კაბულოვმა მიკერძოებულობაში და საქართველოს სასარგებლო, არაობიექტური განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც, რომელმაც განაცხადა, რომ ინციდენტს აქტიურად დააკვირდება.

ოკუპირებული ცხინვალის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას და დასავლელ კურატორებს "უნდა ესმოდეთ", რომ ზაზა გახელაძეს არა მათი დახმარება, არამედ კვალიფიციური იურისტები სჭირდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი