
ამერიკის მიერ სანქცირებული მოსამართლე ლევან მურუსიძე კოლეგებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს. მისი მტკიცებით, დგანან მაგრად, არაფრის ეშინიათ და საბრძოლველად არიან განწყობილები. მისივე თქმით, პირველად საქართველოს ისტორიაში, სასამართლო არის ხელისუფლება.
"მინდა მოვუწოდო პირველ რიგში ჩემ კოლეგებს, რომ იყვნენ მშვიდად, არავინ ისეთ მძიმე მდგომარეობაში არ არის რეალურად, მორალური ტერორით, ზოგადად წლების განმავლობაში რაც ხდებოდა ჩემ წინააღმდეგ, პირადად მიხეილ ჩინჩალაძის წინააღმდეგ, პირადად ვინც არიან დასანქცირებული. მერწმუნეთ, ვდგავართ მაგრად, არ გვეშინია არაფრის, პირველად საქართველოს ისტორიაში სასამართლო არის ხელისუფლება, კარგი მოსამართლეები ყოველთვის იყვნენ, მაგრამ არასდროს საქართველოს ისტორიაში, საქართველოს არ ჰყოლია სასამართლო როგორც ხელისუფლება, ზუსტად ამაზე იყო გათვლა, როდესაც ფიქრობდნენ, რომ დაასანქცირებდნენ მოქმედ მოსამართლეებს, ჩვენ თავს ჩავღუნავდით, რადგან კორუფციის იარლიყს მოგაკრავდნენ, ვერ გავბედავდით ხმამაღლა გველაპარაკა, ამიტომ ვართ განწყობილი საბრძოლველად, ვფიქრობთ, რომ ვართ მართლები. მიგვაჩნია, რომ სასამართლო ეს არის ხელისუფლება, რომლის საქმიანობაში არავინ არ უნდა ჩაერიოს, როგორც არ უნდა მეგობრული ქვეყანა იყოს, თუ ასე შემდეგ, აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ იქნება ყველაფერი კარგად", - თქვა მურუსიძემ.
ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები დღეს პრემიერმინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდნენ.