"ვცდილობ, საქართველოს ევროსტრუქტურებში გაწევრიანებას მხარი დავუჭირო, მაგრამ საკმაოდ პესიმისტურად ვარ განწყობილი" | ფოტიგა

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარ ანნა ფოტიგას თქმით, შემაშფოთებელია ის პროცესები, რომლებიც დღეს საქართველოში მიმდინარეობს. მისივე თქმით, კარგი იქნება, თუ აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციების ევროპული გაერთიანებაც შეუერთდება.

"მე ყველანაირად ვცდილობ, რომ საქართველოს ევროსტრუქტურებში გაწევრიანებას მხარი დავუჭირო, მაგრამ საკმაოდ პესიმისტურად ვარ განწყობილი. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია რუსეთის ომზე უკრაინაში. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინას და დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის დასუსტება სრულიად შეცვლის ბალანსს მთელ რეგიონში.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც ჩვენს ძალებშია. მე ევროპარლამენტში ვმუშაობ და გვინდა ასევე წამოვაყენოთ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობა პატიმრობის დროს. რეზოლუცია, რომელიც მას ეხებოდა, დიდი უმრავლესობით იქნა მიღებული ევროპარლამენტში. ამას მოჰყვა ძალიან მაღალი რანგის დიპლომატიური ნოტა საქართველოს ხელისუფლებისადმი, იმიტომ რომ ის წარდგენილ იქნა ევროკავშირის ელჩის მიერ, ისევე როგორც ევროკავშირის თავმჯდომარეობის მიერ.

გასულ კვირას მე ვაშინგტონში ვიყავი და კონგრესშიც ვისაუბრე ამის შესახებ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია, მაგრამ გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ უნდა მიიღოს" - ამბობს ფოტიგა

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების დაშვებას, ფოტიგა ამბობს, რომ პოლონეთი მზადაა, გაუშვას მედიკოსთა ჯგუფი მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად, თუმცა, მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებისგან რაიმე სახის პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.  

პოლონელი ექიმები კვლავაც მზად არიან საქართველოში ჩამოსასვლელად. ორიოდე დღის წინ ვესაუბრე ჩვენს ლიდერებს და მათაც დამიდასტურეს, რომ ექიმები მზად არიან. ისინი ელოდებიან საქართველოს ხელისუფლების თანხმობას

რაც შეეხება მოსამართლეების დასანქცირებას, აშშ-სგან განსხვავებით ევროკავშირი არ არის ერთი ქვეყანა და ერთი მთავრობა. ამიტომ, მსგავსი გადაწყვეტილება მოითხოვს რამდენიმე ქვეყნის ერთსულოვნებას, რაც ოდნავ უფრო რთული მისაღწევია. მიუხედავად ამისა, მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირსაც ექნება ანალოგიური რეაგირება" - თქვა ფოტიგამ.

 

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი