სტრასბურგში შესული სარჩელები - "ოცნებამ" 9 წლის მონაცემები 4 თვისას შეადარა და საქართველოს წინააღმდეგ რუსების საჩივრებიც ჩათვალა

გამოქვეყნდა:

ციფრებით მანიპულაცია და რეალობის პროპაგანდისტულ ჭრილში დამახინჯების მცდელობა - ამჯერად რეალობის გაყალბება ხელისუფლებამ  სტრასბურგში საქართველოს წინააღმდეგ შესული საჩივრების რაოდენობით სცადა და ეს ქართული მართლმსაჯულების სისტემის უპირატესობის საჩვენებლად გამოიყენა. 

მთავრობის პრესსამსახურმა წინა ხელისუფლების 9 წლიანი მმართველობის პერიოდში საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგში შესული საქმეები შეადარა 2023 წლის პირველი 4 თვის მონაცემს.  

გარდა ამისა, პროპაგანდისტულ დათვლებში გამოიყენეს 2008 წელს ოკუპანტი რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ დაწერილი სარჩელებიც. 

უხეში მანიპულაცია მთავრობის ადმინისტრაციამ მოგვიანებით მხოლოდ ნაწილობრივ ჩაასწორა და პროპაგანდისტული მათემატიკით ისევ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს. 

მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის 9 წელს შეადარეს მიმდინარე წელი, უფრო კონკრეტულად კი 4 თვე. გამოქვეყნებული ინფორმაციით 9 წლის განმავლობაში, სტრასბურგში ქვეყნის წინააღმდეგ 5416 საჩივარი შევიდა, ხოლო წელს, 4 თვის განმავლობაში 150 საჩივარი. 

მას შემდეგ რაც ხალხში ძალიან ერთგვაროვანი და კომიკური რეაქცია მოჰყვა ამ პროპაგანდას ინფორმაცია ჩაასწორეს - დაამატეს წერილობითი განმარტება, რომ 2013-2022 წლებში ოცნების ხელისუფლების პირობებში საქართველოს წინააღმდეგ 1132 საჩივარი შევიდა. 

პროპაგანდამ აქაც ვერ იმუშავა, რადგან ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს სტრასბურგში წასული საქმეებიდან უმეტესობა - 3300 საქმე იყო რუსების მიერ წარმოებული ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. 

რუსებმა საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ, მასობრივად უჩივლეს სტრასბურგში და ამ საჩივრების რაოდენობა 3300-ს შეადგენდა, თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ეს მიმართვები არ დააკმაყოფილა. 

ოცნების პროპაგანდა იმ გარემოებამაც დაასუსტა, რომ ნაციონალური მოძრაობის დროს მოსამართლეებად ზუსტად ის ხალხი იყო დანიშნული, ვინც დღეს ქართული ოცნების წყალობით დაწინაურებულია და უვადოდაა განწესებული. 

თუმცა, ერთია მიმართვიანობა, რამდენი საქმე წავა სტრასბურგში, მაგრამ მეორეა რამდენ საქმეს მიიღებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო წარმოებაში. ირკვევა, რომ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს სტრასბურგში წასული საჩივრების უმეტესობა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საერთოდ არ განხილულა.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი