
შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი სანქციების ტერმინოლოგიასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" განცხადებებს პასუხობს და ამბობს, რომ ტერმინს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან შედეგი ერთნაირია.
სანქციებთან დაკავშირებით ელჩმა დეგნანმა "ნეტგაზეთთან" ინტერვიუში ისაუბრა.
"აშშ-ის კანონმდებლობით საკმაოდ ნათელია, რას ნიშნავს ეს სანქციები და რატომ არის ისინი საჭირო აშშ-ის კანონმდებლობაში, როცა გვაქვს საკმარისი და სანდო მტკიცებულებები კორუფციულ ქმედებებში მონაწილე პირების შესახებ. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ტერმინს გამოიყენებ. შედეგები ერთნაირია: ამ პირებს [სანქცირებულ მოსამართლეებს ავტ.] არ აქვთ უფლება, შევიდნენ აშშ-ში.
მას შემდეგ, რაც სახელმწიფო მდივანს აქვს საკმარისი, სანდო ინფორმაცია მნიშვნელოვანი კორუფციული ქმედებების შესახებ, შეერთებული შტატების კანონმდებლობით ჩვენ ვალდებულნი ვართ, დავაწესოთ ეს სავიზო სანქციები", - თქვა კელი დეგნანმა.
შეგახსენებთ, 7 აპრილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კელი დეგნანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლისთვის დაწესებული სანქციები სანქციები არ არის და ეს სავიზო შეზღუდვაა. პაპუაშვილის მტკიცებით, "ენობრივი თარგმანის პრობლემა იყო" და ამ შემთხვევაში "ტერმინი სანქცია არ გამოიყენება".
ამის შემდეგ განცხადება გააკეთა მმართველი გუნდის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. კობახიძის თქმით, "ოცნების" მხრიდან მათი მოთხოვნის შემდეგ - მტკიცებულებები წარმოედგინა აშშ-ს - "ელჩს მოუწია უკან დახევა და იმის თქმა, რომ ეს არის არა სანქცია, არამედ მოსანქციო რამ".