
BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ, რომელიც საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს თაღლითური სქემის სათავეში მოიაზრებს მისი ადვოკატი, ანტონია ფოსტერი ამბობს, რომ განიხილავენ რა შეიძლება იყოს შემდგომი ნაბიჯები.
მისი თქმით, ნოემბერში მედიასთან კომუნიკაციისას დავით კეზერაშვილის მხარემ შეძლო ეჩვენებინა, რამდენად ცდებოდნენ ისინი. ადვოკატის განცხადებით, კეზერაშვილის ცილისწამების მსხვერპლი გახდა.
"BBC-ის საგამოძიებო ჯგუფთან კომუნიკაცია გასული წლის ნოემბერში გვქონდა ჩვენი კლიენტის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით, უმეტესი ნაწილი არ გაშუქდა, რადგან ჩვენ შევძელით გვეჩვენებინა რამდენად ცდებოდნენ ისინი. სამწუხაროა, რომ გააგრძელეს ამის გამოქვეყნება. მათ გადაწყვიტეს გამოძიება, რაც მოითხოვს ადამიანებთან და წყაროებთან საუბარს, თუმცა ჩვენ არ ვიცით წყაროების ვინაობა, შესაძლებელია ისინი მცდარ ინფორმაციას აწვდიდნენ BBC-ს. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ სტატიაში ის არის, რომ BBC მკაფიოდ ამბობს, რომ მათ არ აქვთ დასაბუთებული მტკიცებულებები, რომლებიც დააკავშირებდა კეზერაშვილს "მილტონ ჯგუფთან". ასევე მკაფიოდაა ნათქვამი, რომ ვერ იპოვეს მტკიცებულებები, ჰქონდა თუ არა მას ფინანსური ინტერესი ამ ჯგუფთან. სამწუხაროდ, კეზერაშვილი გახდა ცილისწამების მსხვერპლი, ჩვენ ყურადღებით განვიხილავთ რა შეიძლება იყოს ჩვენი შემდგომი ნაბიჯები, არაფერია გამორიცხული, ამიტომ დეტალურად განვიხილავთ სამოქმედო გეგმას ჩვენ კლიენტთან ერთად", - ამბობს ანტონია ფოსტერი.
ჟურნალისტურ გამოძიებას 12 აპრილს თავად დავით კეზერაშვილიც გამოეხმაურა და თქვა, რომ გამოიყენებს ყველა სამართლებრივ ბერკეტს, რომ ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის პლატფორმაზე გასულ მასალაში მასთან დაკავშირებული "როგორც ფაქტების უზუსტობა, ასევე მათი არასწორი ინტერპრეტაციის შედეგად მიღებული დაშვებების სიმცდარე" დაადასტუროს.
BBC-ის ჟურნალისტური გამოძიება ქოლ - ცენტრებზე ამბობს, რომ თაღლითური ქსელი მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც მოქმედებდა და ამ სქემით პენსიონერების და რიგით ინვესტორების მილიარდ დოლარზე მეტი თანხაა მითვისებული. მედია სპეციალურ რეპორტაჟში ასაჯაროებს იმ ბიზნესმენების ვინაობას, ვინც თაღლითურ სქემაში მონაწილეობდნენ, მათ შორის ერთ-ერთი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილია.