ეპიდემიის გავრცელების პრევენციისა და მეორე ტალღის თავიდან აცილების, ქვეყანაში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, იტალიის მთვრობამ საგანგებო მდგომარეობა 15 ოქტომბრამდე გააგრძელა.
საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების გადაწყვეტილება მივიღეთ, რომელიც პარლამენტმა უკვე დაამტკიცა. ინიციატივის მიზანია, ქვეყანაში უსაფრთხო, სტაბილური გარემოს შექმნა და ეპიდემიის გავრცელების შეჩერება, - განაცხადა იტალიის პრემიერმა ჯუზეპე კონტემ.
შედარებით მძიმე მდგომარეობაა ესპანეთში - ბოლო ერთი თვის განმავლობაში ინფიცირებულთა ყველაზე მაღალი რაოდენობა დაფიქსირდა. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათში, კოვიდ 19 2000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, რამდენიმე რეგიონში საკარანტინო ზომები გამკაცრდა და მოსახლეობას სახლიდან გამოსვლა მხოლოდ სპეციალური ნებართვით შეუძლია.
ევროპის ქვეყნებში ეპიდემიის მეორე ტალღის დაწყებაზე ისაუბრა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა. მინისტრმა იმ აუცილებელი მექანიზმების შექმნაზე ისაუბრა, რომელიც ქვეყანას ეპიდემიის ხელახალი გავრცელებისგან დაიცავს.
ევროპაში ეპიდემიის მეორე ტალღა უკვე დაიწყო. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დიდ ბრიტანეთში იგივე არ განმეორდეს. შეზღუდვები დაწესდება არამხოლოდ ესპანეთთან, არამედ იმ ქვეყნებთან, სადაც ვირუსის შემთხვევები სწრაფი ტემპით იმატებს, - ამბობს მეთ ჰენკოკი.
კომენდანტის საათი დაწესდა ბელგიის ქალაქ ანტვერპენში. მოსახლეობა ღამის 10 საათიდან ქუჩაში გასვლას ვეღარ შეძლებს. მთავრობის ამ გადაწყვეტილების მიზეზი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია გახდა, სადაც ნათქვამია, რომ ქვეყნის მასშტაბით, ბოლო დღეებში დაფიქსირებული ინფიცირების 70 %, სწორედ ამ ქალაქში დადასტურდა.
კვლავ მძიმე მდგომარეობაა ლათინო-ამერიკულ ქვეყნებში, სადაც ეპიდემია სწრაფი ტემპით ვრცელდება. ჩილეში, პერუსა და ბრაზილიაში მდგომარეობის გაუმჯობესების მექანიზმებს ამ დრომდე ვერ მიაკვლიეს.
ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის პარალელურად, პოლიტიკური კრიზისი მწვავდება ბრაზილიაში, სადაც ადგილობრივმა პროფკავშირებმა, ქვეყნის პრეზიდენტს ადამიანის უფლებების დარღევევისა და ეპიდემიის დროს მიღებული გადაწყვეტილებების გამო, ჰააგის სასამართლოში უჩივლეს. ბრალდებებს უარყოფს თავად ჯაირ ბოლსონარუ და კოვიდ19-ს სეზონურ გრიპად მოიხსენიებს.
პრეზიდენტის გადაწყვეტილება არ შეესაბამებოდა ეპიდემიასთან ბრძოლის პრინციპებს, არამედ ადამიანის უფლებების დარღვევას, რამაც ათასობით სიცოცხლე შეიწირა, - განაცხადეს პროფკავშირების წარმომადგენლებმა.
არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, რამდენიმე ქვეყანამ სატესტო რეჟიმში მყოფი ვაქცინების, მათ შორის ე.წ ოქსფორდის ვაქცინის გამოყენებაც დაიწყო. თუმცა მას საბოლოო სახე არ აქვს და შემოწმებას კიდევ რამდენიმე თვე სჭირდება.
ამ დროისათვის, მსოფლიოს 213 ქვეყანაში კორონავირუსის 17, 213, 663 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი. 670, 909 ათასი ადამიანი გარდაიცვალა, 10, 726, 811 კი გამოჯანმრთელდა.