მინსკში დააკავეს პოლიტტექნოლოგი ვიტალი შკლიაროვი - ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო "მედუზა.იო" რუსულ ტელეარხ "Дожд-"ზე დაყრდნობით ავრცელებს. არხის ინფორმაციის წყარო ბელორუსიის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ვალერი ცეპკალოს შტაბის პრესსამსახურია.
შკლიაროვის დაპატიმრების შესახებ ინფორმაციას ტელეგრამ-არხი "Шкляров”-იც ადასტურებს.
არსებული ინფორმაციით, პოლიტტექნოლოგი ბელორუსიის პრეზიდენტობის კანდიდატის სვეტლანა ტიხანოვსკაიას კამპანიაში მუშაობისთვის დააკავეს.
თუმცა, ივნისში "რადიო თავისუფლების" ბელორუსული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში, შკლიაროვმა უარყო, რომ იგი, თითქოსდა, ტიხანოვსკის პიარტექნოლოგია.
ბელორუსის სპეცსამსახურების ვერსიით კი, იგი კონსულტირებას უწევდა სოციალურ ქსელებში "ქვეყანა სიცოცხლისთვის" ქვეშ გაერთიანებული ჯგუფების ადმინისტრაციას.
აღსანიშნავია, რომ იგივე სახელი აქვს ბლოგერ სერგეი ტიხანოვსკის Youtube-ის არხს.
ტიხანოვსკაია პრეზიდენტობაზე კენჭს მას შემდეგ იყრის, რაც მისი მეუღლე, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი და ბლოგერი, სერგეი ტიხანოვსკი, მილიციელებთან ძალადობრივი ქმედების საფუძველზე დააკავეს.
შკლიაროვი ბელორუსში ივლისში აშშ-დან ჩავიდა. ის ალექსანდრე ლუკაშენკოს მკაფიო კრიტიკითაა ცნობილი.
2018 წელს შკლიაროვი საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის შტაბშიც მუშაობდა.
ამას გარდა, ვიტალი შკლიაროვი მუშაობდა ანგელა მერკელის, ბარაკ ობამასა და ბერნი სანდერსის საარჩევნო შტაბებში.
მერკელისთვის მუშაობის დროს, 2002 წელს, ის პარალელურად ფეხტეს უნივერსისტეტში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებს სწავლობდა.
2008 წელს შკლიაროვი აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად და ბარაკ ობამას შტაბში მოხალისედ ჩაეწერა; გერმანიაში მიღებული გამოცდილების მიუხედავად, თავდაპირველად ის მხოლოდ საველე აგიტატორის მოვალეობას ასრულებდა.
2012 წელს პოლიტტექნოლოგი სათავეში ჩაუდგა ტემი ბოლდუინის კამპანიის საველე განყოფილებას და მისი წარმატებული მუშაობის შედეგად, ბოლდუინი ვისკონსინის შტატის პირველი ქალი სენატორი გახდა, ასევე პირველი სენატორია, რომელსაც ღიად ჰქონდა გაცხადებული თავისი ჰომოსექსუალობის შესახებ.
ბერნი სანდერსის კამპანიაში კი, შკლიაროვი 2016 წელს ჩაერთო.
2016 წელს პოლიტტექნოლოგმა მიიღო მოწვევა დიმიტრი გუდკოვის შტაბიდან, რომელიც პარტია "იაბლოკოს" სახელით მონაწილეობდა მოსკოვის მუნიციპალურ არჩევნებზე. გუდკოვი გენადი ონიშენკოსთან დამარცხდა და მოსკოვის ერთ მანდატიან ოლქში მეორე ადგილი აიღო.
2018 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, შკლიაროვი ქსენია სობჩაკის წინასაარჩევნო შტაბში მუშაობდა. ამ არჩევნებზე სობჩაკმა მეოთხე ადგილი დაიკავა.
ავტორი: მარიტა რატიანი.