არანაირი ქმედითი ნაბიჯი განცხადებების მიღმა. რუსთავის ციხის 212-ე საკანი დღეს არ გაიღო. პრეზიდენტი, რომელიც, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ხისტად აკრიტიკებდა "ქართული ოცნების" ხელისუფლებას ევროკავშირის შეუსრულებელი რეკომენდაციების გამო, ვერც ამჯერად წავიდა ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ. სალომე ზურაბიშვილმა ვერ გაბედა "მთავარი არხის" დამფუძნებლისა და პოლიტიკური პატიმრის, ნიკა გვარამის შეწყალება, რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა ევროინტეგრაციის გზაზე.
მოლოდინი, რომ ქვეყნის მეთაური შეიწყალებდა პოლიტპატიმარ გვარამიას, თავად ზურაბიშვილმა შექმნა. მისი განცხადებები, სატელევიზიო ინტერვიუები, კომუნიკაცია ევროპელ პარტნიორებთან და დაგეგმილი ვიზიტი სტრასბურგში თითქოს ღიად ადასტურებდა პრეზიდენტის მზაობას ქვეყნის პოლიტიკური, ევროპული ინტერესების დასაკმაყოფილებლად, განეხორციელებინა ეს აქტი, მაგრამ, უკვე მერამდენედ, პროევროპული რიტორიკა ვერ იქცა ევროპულ პოლიტიკად.