
"რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი "მთავარ არხთან" ინტერვიუში ამბობს, რომ ევროპარლამენტში ბევრი ფიქრობდა, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ოდნავ შეამსუბუქებდა იმ დაძაბულ ვითარებას, რომელიც ბრიუსელსა და თბილის შორის შეიქმნა. შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის დღის წესრიგში 18 აპრილის სესიაზე საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა გუშინ უკვე გაწერილი იყო, თუმცა საათსა და 10 წუთში ვითარება შეიცვალა, დღის წესრიგიდან პრეზიდენტის გამოსვლა ამოვარდა.
"საერთოდ ევროკავშირის ნებისმიერი არაწევრი ქვეყნის წარმომადგენლისთვის დიდი პატივია ევროპარლამენტში გამოსვლა და ასეთი რამ ხშირად არ ხდება, ამიტომ სტრასბურგში ძალიან გაკვირვებულები არიან ამ მოულოდნელი გადაწყვეტილებით. შეიძლება ეს ვიზიტი მოგვიანებით გაიმართოს, მაისში მაგალითად, მაგრამ ჩემთვის ჯერ არაფერია ცნობილი.
სამწუხაროა, რომ ეს ვიზიტი აღარ შედგება იმიტომ, რომ ბევრ ევროპარლამენტარს სურდა შეკითხვების დასმა მისთვის საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში ბოლო დროს შემაშფოთებელი ფაქტების მომსწრენი გავხდით. მაგალითად, აგენტების შესახებ კანონის განხილვა პარლამენტში. ამიტომ ბევრი აქ თვლიდა, რომ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ოდნავ შეამსუბუქებდა იმ დაძაბულ ვითარებას, რომელიც ბრიუსელსა და თბილის შორის შეიქმნა" ,- ამბობს იოზვიაკი.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის გამოსვლა ევროპარლამენტში 18 აპრილს იგეგმებოდა. პრეზიდენტი სტრასბურგში ვიზიტის გადადებაში მთავრობას ადანაშაულებს. ზურაბიშვილის ადმინისტრაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ მთავრობამ ვიზიტისთვის საჭირო თანხმობის გაცემა ხელოვნურად გააჭიანურა. პარალელურად, ბრალდებას უარყოფს მთავრობა და საპასუხო განცხადებაში განმარტავს, რომ პრეზიდენტის მტკიცება პროცესი გაჭიანურებასთან დაკავშირებით სიცრუეა.