"სიმართლე ყოველთვის პოულობს თავის გზას" - ამ სიტყვებით უპასუხა გიორგი რურუამ მოსამართლეს, რომელმაც ოთხი წლით ციხეში გაუშვა. ვალერიან ბუგიანიშვილის ეს გადაწყვეტილება არც რურუასთვის და არც მისი ოჯახისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ამბობენ, რომ ცხრათვიანი აბსურდული განხილვების ლოგიკური დასასრული იყო.
ცხრათვიანი განხილვების შემდეგ, მოსამართლემ რამდენიმე საათი იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ გიორგი რურუას გასამტყუნებლად პროკურატურის მტკიცებულებები საკმარისი იყო. ასე მხოლოდ პროკურორი და მოსამართლე ფიქრობს. ვალერიან ბუგიანიშვილის გადაწყვეტილება ადვოკატებისთვის პოლიტიკურია. რურუას დაკავების დღიდან დღემდე ამტკიცებენ, რომ ახლა უკვე მსჯავრდებულს იარაღი ანტისაოკუპაციო აქციების აქტიური მხარდაჭერისა და "მთვარი არხის" წილების ფლობისთვის ჩაუდეს. საუბრობენ მტკიცებულებების გაყალბებაზე. საქმეში არსებობს ექსპერტიზის სამი დასკვნა. ანაბეჭდები იარაღზე და მეტალის კვალი რურუას ტანსაცმელზე არ ამოვიდა. მხოლოდ ერთი დნმ-ის დასკვნა შეიძლება ყოფილიყო მოსამართლისთვის დამადასტურებელი, რომ რურუა დამნაშავეა, თუმცა ეს დასკვნაც არასანდოა.
საქალაქო სასამართლომ გიორგი რურუა კიდევ ერთ მუხლში ცნო დამნაშავედ - სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა. საქმე ეხება დნმ-ის ნიმუშის აღებაზე უარის თქმას. თუმცა, როგორც ჩანს, მოსამართლე ბუგიანიშვილმა არ გაითვალისწინა ის პროცესი, რომელიც რურუას უარს უძღოდა წინ.
მის საკანში პოლიციელები შევიდნენ და პირადი ნივთები ძალის გამოყენებით წაიღეს. რისთვის სჭირდებოდათ ეს ნივთები? ამ ეპიზოდის მოკვლევის რეკომენდაციით ძალოვან უწყებას ომბუდსმენმა მიმართა, ახალი ამ მიმართულებით ჯერ არაფერია.
ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც, როგორც ჩანს, მოსამართლისთვის დამაჯერებელი და გადამწყვეტი აღმოჩნდა, მოწმეების ჩვენებებია. მოწმეები კი პოლიციელები არიან. რამდენად სანდოა სამი პოლიციელის ჩვენება და რას დაეყრდნო მოსამართლე გადაწყვეტილების მიღებისას, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ გახდება ცნობილი. თუმცა სარეზოლუციო ნაწილიც ბევრს არაფერს შეცვლის, ყველა დარწმუნებულია, რომ ბუგიანიშვილმა ცხრა თვის წინ მიღებული პოლიტიკური დავალება დღეს დაასრულა.
იმის მიუხედავად, რომ გიორგი რურუა და მისი ადვოკატები ქართულ მართმსაჯულებას არ ენდობიან, გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში მაინც გაასაჩივრებენ. საქართველოში ყველა ინსტანციას გაივლიან და ბოლოს საქმეს სტრასბურგის სასამართლოში წააიღებენ.