გასულ კვირას საქართველოდან მოქმედი საერთაშორისო თაღლითური სქემის შესახებ BBC-მ 45 წუთიანი ფილმი მოამზადა. ერთია, რომ ბრიტანელი ჟურნალისტები ამ სქემას ყოფილ თავდაცვის მინისტრთან და მის გარემოცვასთან აკავშირებენ, მაგრამ მეორეა უტყუარი ფაქტი - რომ დანაშაულებრივი სქემა გაცილებით უფრო მასშტაბურია ვიდრე ამ ერთ რეპორტაჟში იყო ნაჩვენები.
დავით კეზერაშვილი ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში დასახელებულ ბრალდებებს უარყოფს, სამართლებრივ დავას აანონსებს და ამბობს, რომ არ იცის რითი არიან დაკავებულები კომპანიები, ვის დამფუძნებლებთანაც პირადი ნაცნობობა, თუ წარსულში პარტნიორობა აკავშირებს.
BBC-ის გარეშეც ვიცით, რომ საქართველო ბოლო წლების განმავლობაში ინტერნეტ თაღლითობის ჰაბად ჩამოყალიბდა. ისიც გასაგებია, რომ ხელისუფლების დონეზე მფარველობის და მყარი გარანტიების გარეშე ამგვარი საქმიანობის დაწყებას ვერავინ გაბედავს და თუ მაინც ვინმე გაბედავს, მის მიკვლევასა და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას წინ წესით ვერაფერი უნდა დაუდგეს. საქართველოში კი თითქმის ყველა ფეხის ნაბიჯზე ქოლ- ცენტრია.
შეუძლებელია ამის შესახებ არ იცოდეს სუს-მა, პროკურატურამ, შსს-მ, ფინანსურმა პოლიციამ. მაშინ რატომ ვერ ვხედავთ რეაგირებას? ბრიტანულ ფილმში ნაჩვენები სპეცოპერაციაც არა ქართველების, არამედ გერმანელების მიერ იყო ჩატარებული. როცა ბავარიიდან პროკურორების 90 კაციანი ჯგუფი ჩამოდის და საქართველოს მხრიდან მხოლოდ ნომინალურად არის ჩართული ადგილობრივი ჯგუფი, ადვილი დასანახია რა ხდება სინამდვილეში.
სიმართლე ისაა, რომ საქართველოში ამგვარ სქემებს არავინ იძიებს. ხელისუფლების მფარველობის გარეშე ხომ ამგვარი თაღლითური სქემების აწყობა არ ხდება. მეტიც, ჩვენი არაერთი ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში ფაქტებით და მტკიცებულებებით გაჩვენეთ, როგორ არიან ასეთი სქემები დაკავშირებული სწორედ ხელისუფლებაში მოკალათებულ მფარველებთან. მაგალითად, გასული წლის 17 თებერვლის გადაცემაში ნიკა გვარამია ასახელებდა ყველა იმ პირს, რომელიც დღეს "ბიბისის" ფილმშია მოყვანილი, როგორც თაღლითური სქემის უშუალო განმახორციელებელი.
"მთავარი არხის" არც ერთი ჟურნალისტური გამოძიებით არ დაინტერესებულა სამართალდამცავი სისტემა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახლაც მზად ვართ თანამშრომლობისთვის. სამაგიეროდ ვნახეთ როგორ აიტაცა "ოცნებამ" და მისმა პროპაგანდისტულმა მანქანამ BBC-ის რეპორტაჟი, სადაც ვარაუდის დონეზე იყო დასახელებული ყოფილი თავდაცვის მინისტრი სქემის ორგანიზატორად.