საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თურქეთში საქართველოს საელჩო სუდანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან და ასევე, მათი ოჯახის წევრებთან კონტაქტზეა და ყველა მიმართულებით მუშაობს. უწყებაში "მთავარ არხს" უთხრეს, რომ ყველა მიმართულებით მუშაობენ.
"თურქეთში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ და კონტაქტზეა როგორც სუდანში მყოფ საქართველოს მოქალქეებთან, ასევე მათი ოჯახის წევრებთან. საელჩო მუშაობს ყველა მიმართულებით", - აცხადებენ სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ სუდანში, არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება "სწრაფი მხარდაჭერის ძალებს" (RSF) შორის დაპირისპირება გრძელდება. ბოლო ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად 100-მდე ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რაოდენობა კი 1 100-ს აღწევს.
სუდანში ჩარჩენილი ქართველები დახმარებას ითხოვენ. "მთავარს" ცხელ წერტილში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ახლობლები დაუკავშირდნენ. მათი თქმით, მესამე დღეა ადგილიდან ქართველების გამოყვანა ვერ ხერხდება.