
თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე არ გამორიცხავს, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ ახალი საქმე აღიძრას. მისი თქმით, 5 მილიონის გარდა, რომელზეც კეზერაშვილს ედავებოდნენ, არის კიდევ ასობით მილიონი, რომელიც არის "ჩამოკიდებული დებიტორულ დავალიანებად".
მინისტრმა თქვა, რომ ცდილობენ იმ საქმეებზე, შესყიდვებზე, დოკუმენტების მოძიებას, რომელიც ამ დრომდე უწყებას არ აქვს. ბურჭულაძე ამბობს, რომ "არ არის გამორიცხული, მათ შორის იყოს კიდევ ორგანიზებული დანაშაული".
"ეს ხუთი მილიონი არ არის მხოლოდ ის თანხა, რომლითაც გაძარცვა სახელმწიფო ყოფილმა ხელისუფლებამ, ჩვენ გვაქვს ასობით მილიონი, დღემდე ვერ გამოვასწორეთ ფინანსური ანგარიშგება ჩვენი უწყების. ზუსტად ამ უპასუხისმგებლო და ძარცვის შედეგად მიყენებული ზიანის გამო. არის კიდევ ასობით მილიონი, რომელიც არის ჩამოკიდებული დებიტორულ დავალიანებად. ამას ვცდილობთ მაქსიმალურად მოვახდინოთ იდენტიფიცირება, რომელი იყო არაკომპეტენტურობით გამოწვეული და რომელი იყო ყაჩაღობით. თავდაცვის უწყებაზე ვსაუბრობ და იგივე პერიოდზე, რა თქმა უნდა კეზერაშვილის პასუხისმგებლობაა.
ამას მე ბიუჯეტის ქურდობას ვერ დავარქმევ, ეს არის ბიუჯეტის ორგანიზებული ყაჩაღობა. კიდევ ვიმეორებ, ასობით მილიონი არის დავალიანებად ჩამოკიდებული, ზოგი გამოწვეულია მათი არაკომპეტენტურობით, მათ შორის შეიძლება დამატებით იყოს კიდევ ისეთი საქმე, რომელიც არის ისევ ძარცვის შედეგად გამოწვეული. ჩვენ ვცდილობთ, რომ დოკუმენტები იმ საქმეებზე, შესყიდვებზე, რომლებზეც უბრალოდ არ არის, მოვიძიოთ ეს დოკუმენტები. თუმცა არ არის გამორიცხული, მათ შორის იყოს კიდევ ორგანიზებული დანაშაული. ეს არ არის ერთი პირის მიერ ჩადენილი დანაშაული, არ არის ქურდობა, ეს არის სახელმწიფოს ძარცვა ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რომელიც იმ შემთხვევაში იყო მთელი ხელისუფლება", - თქვა ბურჭულაძემ.