სუდანში დაახლოებით 30-მდე ქართველია, უსაფრთხოდ არიან, გამოყვანა ჯერ ვერ ხერხდება - მინისტრის მოადგილე

გამოქვეყნდა:

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, ამ დრომდე ვერ ხერხდება სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა. სამინისტროს ცნობით, საუბარია 30-მდე ქართველზე. 

მისი განცხადებით, ამ მომენტამდე შეტაკებები არ შეწყვეტილა, რის გამოც ვერ ხერხდება დაპირისპირებულ მხარეებთან საუბარი ჰუმანიტარული კორიდორის შექმნასთან დაკავშირებით.

"ჩვენ კონტაქტზე ვართ ქართველებთან, ვინც იქ არიან, დაახლოებით 30-მდე ქართველი არის. როგორც ყველა სხვა ქვეყანამ მოუწოდა თავის მოქალაქეებს, ჩვენც ვთხოვთ ჩვენ მოქალაქეებს, რომ თავი შეიკავონ გარეთ გამოსვლისგან და გადაადგილებისგან. ინტენსიურად ვმუშაობთ ჩვენ პარტნიორებთან ერთად, რომ ჰუმანიტარული კორიდორი გაკეთდეს, ან შესაძლებლობა მოვძებნოთ რამენაირად, რომ ჩვენი მოქალაქეები დროულად გამოვიყვანოთ სუდანიდან, რომ უსაფრთხოდ დავაბრუნოთ შემდეგ საქართველოში", - ამბობს ხვთისიაშვილი. 

მისი განცხადებით, უწყება კონტაქტზეა გაერთიანებული ერების ოფისთან, ასევე სხვა პარტნიორებთან, რათა ჰუმანიტარული კორიდორი შეიქმნას.

"სამწუხაროდ ამ მომენტამდე არ გაჩერებულა სროლები და შეტაკებები, რომ ვთქვათ, რომელიმე მხარემ აიღოს კონტროლის ქვეშ სიტუაცია და მოხდეს იმ მხარესთან მერე ნებართვებზე და დოკუმენტებზე დალაპარაკება. ველოდებით რომ ცოტა ჩაწყნარდეს, რომ შესაძლებლობა გვქონდეს ორივე მხარეს დაველაპარაკოთ, ჯერჯერობით, სამწუხაროდ, არ გველაპარაკებიან, იმიტომ რომ შეტაკებებში არიან ჩართულები. ქართველები ყველა უსაფრთხოდ არიან, ჯანმრთელად არიან, იმ ადგილზე არიან, სადაც ცხოვრობენ", - ამბობს მინისტრის მოადგილე. 

ცნობისთვის, სუდანში სამხედრო დაპირისპირება მიმდინარეობს. არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება "სწრაფი მხარდაჭერის ძალებს" (RSF) შორის დაპირისპირება გრძელდება. არიან დაღუპულები და დაშავებულები. ორშაბათს საჰაერო თავდასხმებმა და დაბომბვამ დაარტყა დედაქალაქ ხარტუმის ნაწილს და მიმდებარე ქალაქ ომდურმანს.

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი