მოვუწოდებთ დეპუტატებს, ხვალინდელ სხდომაზე მივიდნენ და საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირონ - დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი

გამოქვეყნდა:

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი პარლამენტის წევრებს მოუწოდებს ხვალინდელ სხდომაზე გამოცხადდნენ და საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირონ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ  სამოქალაქო სექტორი წლებია მიუთითებს სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის - კლანის არსებობაზე, რომელიც როგორც წინა ხელისუფლების, ასევე "ქართული ოცნების" ხელისუფლების დროს მართავდა სასამართლო სისტემას.

მათი განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებაში სწორედ ამ ჯგუფის ყოფილი და მოქმედი ლიდერები არიან ჩამოთვლილი.

"კანონის უზენაესობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს, რომ სასამართლო სისტემაში  კორუფციის, არაჯეროვანი ზეგავლენების და მათი მასშტაბების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ დარჩეს გამოუძიებელი. აღნიშნულ დარღვევებზე რეაგირების ერთადერთ გზად საპარლამენტო საგამოძიებო კომისია მიგვაჩნია. ასეთი კომისიის შექმნა ასევე მმართველი გუნდის ინტერესებშიც უნდა შედიოდეს, რათა სასამართლო სისტემის მიმართ წლების განმავლობაში დაგროვილ კითხვებს გაეცეს პასუხი.  

ამადროულად, შეგახსენებთ რომ დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა არის ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და ევროპასთან ინტეგრაციის აუცილებელი წინაპირობა, ხოლო კორუფციის გამოძიება ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებაა.

აღნიშნულიდან გამომდინარე:

- მოვუწოდებთ საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის ყველა წევრს გამოცხადდნენ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე და მხარი დაუჭირონ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას.

- ვაცხადებთ მზაობას ვითანამშრომლოთ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან.

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი მართლმსაჯულების სისტემის პროფესიონალებისგან (ადვოკატები, ყოფილი მოსამართლეები, სამართლის ექსპერტები) შემდგარი ჯგუფია, რომლის მიზანია საქართველოს სასამართლო სისტემის გაჯანსაღება საზოგადოებასთან დიალოგის და ადვოკატირების გზით", - წერია განცხადებაში.

 ჯგუფის წევრები არიან:  
 

  1. იოსებ ბარათაშვილი (ადვოკატი)  
  2.  მაია ბაქრაძე (ყოფილი მოსამართლე, ადვოკატი).   
  3. თამარ გეგელია (სამართლის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი)  
  4. ირაკლი გაბრიჩიძე (ადვოკატი)   
  5. ხათუნა გრიგალაშვილი (ადვოკატი).  
  6. ლევან თოთლაძე (საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი)    
  7. ირმა კაკიაშვილი (იურისტი)   
  8. ირაკლი კორძახია (ადვოკატი)   
  9. უჩა ნანუაშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრი (ყოფილი სახალხო დამცველი,)   
  10. ზაზა ხატიაშვილი (ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე) ადვოკატი  
  11. ეკა ციმაკურიძე (იურისტი, დემოკრატიის ინდექსი).   
  12. ბესიკ ლოლაძე (პროფესორი, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე)  
  13. თამარ ლალიაშვილი (პროფესორი, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე)  
  14. ბესიკ სისვაძე (ყოფილი მოსამართლე, ადვოკატი).  
  15. ლია მუხაშავრია (ადამიანის უფლებების პრიორიტეტი).   
  16. ნათია ქუთათელაძე (დამოუკიდებელი ექსპერტი,  ყოფილი მოსამართლე)
  17. ირაკლი შავაძე (ადვოკატი, ყოფილი მოსამართლე)   
  18. თეა ხამხაძე (ადვოკატი, ყოფილი მოსამართლე).   
  19. თამაზ ჯალიაშვილი (ადვოკატი, ყოფილი მოსამართლე)  
  20. დავით ჯანდიერი (იურისტი, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე).   
  21. კახა წიქარიშვილი (მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის ყოფილი წევრი).
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი