2024 წლიდან, ევროპაში უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე 59 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის, სავალდებულო გახდება მგზავრობის წინასწარი დასტურის (ავტორიზაციის) მიღება "ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემიდან" (ETIAS). ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
მგზავრობის დასტური ევროკავშირის მიერ შემოღებული ახალი მოთხოვნაა შენგენის 27 ქვეყანაში, ბულგარეთში, რუმინეთსა და კვიპროსში შესასვლელად.
"ETIAS არ არის ვიზა! უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ძალაში რჩება საქართველოს მოქალაქეების მოკლევადიანი ვიზიტებისთვის ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში.
უფრთხილდით თაღლითებს! ETIAS-ის ერთადერთი ოფიციალური ვებგვერდი არის: http://www.europa.eu/etias " - წერია განცხადებაში.
წარმომადგენლობის ცნობით, ETIAS-ის სისტემა ჯერ არ ფუნქციონირებს. მისი ამოქმედების შემდეგ, განაცხადის ფორმა ხელმისაწვდომი იქნება ოფიციალურ ვებგვერდზე. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://europa.eu/!FnfNwM