
"ვერ ვიტყოდი, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შანსი 50%-ზე მეტია" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.
კობახიძის თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები რეგიონის მასშტაბით.
"საბოლოო ჯამში, პირველ რიგში, იმის მიხედვით იქნება გადაწყვეტილება მიღებული ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, როგორც განვითარდება რეგიონის მასშტაბით მოვლენები.
სავარაუდოდ, მაგ დროისთვის უკრაინაში ომი დასრულებული არ იქნება სხვადასხვა ფაქტორის გამო, მათ შორის იმის გამო, რომ ბევრი არჩევნები გვიწევს მომავალ წელს, მაგრამ მე მაინც დიდი იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში გლობალური და რეგიონული კონტექსტი შეიცვლება ჩვენს სასიკეთოდ და ჩვენ მაინც მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი.
რაც შეეხება შანსებს, მე ვერ ვიტყოდი, რომ ამის შანსი არის 50%-ზე მეტი, ამას ნამდვილად ვერ ვიტყოდი, მაგრამ მაქვს იმედი, რომ პოლიტიკური კონტექსტი ჩვენს სასარგებლოდ იმუშავებს და ჩვენ მოგვენიჭება სტატუსი", - თქვა კობახიძემ.
ცნობისთვის, გაზაფხულის ბოლოს ევროკომისია საქართველოს მოლდოვასა და უკრაინის შესახებ შუალედურ მოხსენებას გამოაქვეყნებს, საბოლოო დასკვნა კი შემოდგომაზე გახდება ცნობილი. "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორის, ჟურნალისტის რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით,
წინასწარი ვარაუდით, ევროკომისია რეკომენდაციას გასცემს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს.
ამავე თემაზე: