ვცდილობთ მოვამარაგოთ წყლით, სურსათით, დიზელით - სუდანიდან 35-მდე ქართველის ევაკუაცია ისევ ვერ ხერხდება

გამოქვეყნდა:

საქართველოს 35-მდე მოქალაქის ევაკუაცია სუდანიდან ჯერ ისევ ვერ ხერხდება. მეექვსე დღეა ადგილზე ჩარჩენილები სუდანის დედაქალაქში ჰუმანიტარული დერეფნის გახსნას ელოდებიან. სუდანში დარჩენილების უმეტესი ნაწილი იმ ავიაკომპანიების თანამშრომლები არიან, რომლებიც ხარტუმიდან ფრენებს ასრულებდნენ, კერძოდ, "მაივეი ერალაინსის" და Geo Sky-ის.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი ამბობს, რომ შესაძლებლობის ფარგლებში ცდილობენ მოქალაქეები წყლით, საკვებითა და დიზელით მოამარაგონ.

"საჰაერო სივრცე სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის სრულიად დახურულია, არც ერთი ბორტი არ დაფრინავს, მხოლოდ სამხედრო თვითმფრინავები დაფრინავენ. მუდმივ კომუნიკაციაში ვიმყოფებით საქართველოს მოქალაქეებთან. შესაძლებლობის ფარგლებში ვცდილობთ მოვამარაგოთ ისინი წყლით, სურსათით და დიზელით, როგორც გითხარით ეს საკმაოდ გართულებული არის, მაგრამ მაინც ხერხდება. ვაგრძელებთ მდგომარეობის მონიტორინგს და ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენ პარტნიორებთან ერთად და პირველივე შესაძლებლობა როგორც კი გაჩნდება, ჩვენ ვიმოქმედებთ ამ შესაძლებლობის ფარგლებში, რომ ჩვენი მოქალაქეების ევაკუაცია მოვახდინოთ", - თქვა ხვთისიაშვილმა. 

სუდანში რამდენიმე დღეა ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება "სწრაფი მხარდაჭერის ძალებს" შორის შეტაკებები გრძელდება. დაღუპულია 270 ადამიანზე მეტი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი