
შსს-მ თუშეთში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა. უწყების ცნობით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1987 წელს დაბადებული ჯ.ქ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ახმეტის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თანასოფლელი - 1980 წელს დაბადებულ ნ.ნ. სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა.
პოლიციამ, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯ.ქ. ბრალდებულის სახით დააკავა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს." ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული დამტკიცების შემთხვევაში 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, მკვლელობა სოფელ ჭეშოში გუშინ, გვიან ღამით მოხდა. მოკლულია 40 წლის ნოდარ ნეკერაული. დანაშაულში ბრალდებულია მისივე თანასოფლელი ჯაბა ქააძე.