ჩემი შვილი უდანაშაულო იყო, სამშობლოს სიყვარულისთვის აწამეს, იმედი მაქვს სამართალი აღდგება - ტატუნაშვილის დედა სტრასბურგზე

გამოქვეყნდა:

"იმედი მაქვს სამართალი აღდგება და ის დამნაშავეები დაისჯებიან" - ამბობს რუსი ოკუპანტების მიერ წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის დედა, რუსუდან ტატუნაშვილის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელმაც საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისო საჩივარი დასაშვებად ცნო.

"წლებია ველოდებით ამ სასამართლოს და იმედი მაქვს სამართალი აღდგება და სამართალი გაიმარჯვებს და ის დამნაშავეები დაისჯებიან. აქ კი გამოუტანს განაჩენი, დაუსწრებლად, უვადო პატიმრობა, მაგრამ იმათ არავინ არ დააკავებს იქ. ჩემი შვილი უდანაშაულო იყო და ოსებმა აწამეს სამშობლოს სიყვარულის გულისთვის. აიძულებდნენ, რომ ეთქვა ვითომ ტერორისტი იყო, შესული იყო იქ რომ პუტინის არჩევნები ჩაეშალა, რადგან გარიგებაში არ შევიდა იმათთან და არ ითანამშრომლა იმათთან, იძულებულები გახდნენ ეწამებინათ", - ამბობს რუსუდან ტატუნაშვილი. 

შეგახსენებთ, "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" საქმე  ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დასაშვებად ცნო და წარმოებაში მიიღო.  საქმე ეხება საქართველოს მოქალაქეების გატაცებას ოკუპირებულ რეგიონებში და საოკუპაციო ზოლის გასწვრივ. 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ, სტრასბურგში გაგზავნილ სარჩელში ნახსენებია არჩილ ტატუნაშვილი, რომელიც ცხინვალში გაიტაცეს და წამებით მოკლეს, ასევე გიგა ოთხოზორია, რომელიც ენგურზე ე.წ. გამშვებ პუნქტზე დახვრიტეს, ასევე დავით ბაშარულის საქმე, რომელიც შიდა ქართლიდან მოიტაცეს ოკუპანტებმა და წამებით მოკლეს.

ცნობისთვის, ყოფილი სამხედრო რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზიდან 2018 წლის 22 თებერვალს გაიტაცეს, შემდეგ კი, 2008 წლის ომში მონაწილეობის გამო, წამებით მოკლეს. მისი მკვლელობის შესახებ ინფორმაცია 23 თებერვალს გასაჯაროვდა.

ქართული მხარე და ოჯახი ტატუნაშვილის ცხედარს 26 დღის განმავლობაში ითხოვდა. ექსპერტიზის მიხედვით, დაბრუნებულ ცხედარს მრავლობითი დაზიანებები და წამების კვალი აღენიშნებოდა. არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზეა დაკრძალული.

ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულები ამ დრომდე არ დასჯილან - მათ ინტერპოლი წითელი ცირკულარით ეძებს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი