
მოსკოვის სასამართლომ, რუსი პროპაგანდისტის, ალექსანდრ დუგინის შვილის, დარია დუგინას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით რუსეთში საგზაო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, ივან რიბინი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს.
დაკავებულს ბრალად ედება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევა. სასამართლოს ინფორმაციით, დაკავებული "ფულის სანაცვლოდ მესამე პირებს დაეხმარა მოქალაქის პერსონალური მონაცემების მოპოვებაში".
მოსკოვის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებული 2023 წლის 11 ივნისამდე შინა პატიმრობაში დარჩება.
როგორც მოსამართლემ განმარტა, განაჩენის გამოტანისას მათ გაითვალისწინეს რომ ბრალდებული ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა დიდი ხნის განმავლობაში, ამიტომ მას აქვს შესაძლებლობები და ცოდნა, რომ ხელი შეუშალოს გამოძიებას და შექმნას უდანაშაულობის ყალბი მტკიცებულებები, ან გაანადგუროს არსებული დოკუმენტები.
ბრალდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმე 11 აპრილს აღიძრა, რამდენიმე დღეში კი იგი დააკავეს და დაკითხეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ კრემლის პროპაგანდისტის, ალექსანდრ დუგინის შვილი 2022 წლის 21 აგვისტოს მანქანაში ააფეთქეს. მოგვიანებით რუსულმა ФСБ-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დარია დუგინა უკრაინელმა ქალმა მოკლა. ბრალდება უკრაინულმა მხარემ უარყო, უკრაინის ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, დარია, რუსეთის სპეცსამსახურებმა მოკლეს და ამასთან უკრაინას არანაირი კავშირი არ აქვს.