
დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა ვლადიმერ კარა-მურზას საქმესთან დაკავშირებულ 5 პირს. მათ შორის მოსამართლეს, ორ გამომძიებელს, უსაფრთხოების სამსახურის ორ აგენტს. განცხადებაში ნათქვამია, რომ აგენტები კავშირში არიან კრემლის კრიტიკოსის 2015 და 2017 წლებში მოწამვლასთან.
სანქციები გულისხმობს აქტივების გაყინვას და მოგზაურობის აკრძალვას.
"რუსეთის მოპყრობა და ვლადიმერ კარა-მურზასთვის მსჯავრის დადება კიდევ ერთხელ ადასტურებს მის აბსოლუტურ ზიზღს ადამიანის ძირითადი უფლებების მიმართ", - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს "დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს" კრემლის კრიტიკოსი. ბრიტანეთის მთავრობა ამბობს, რომ გააგრძელებს კარა-მურზასა და მისი ოჯახის მხარდაჭერას.
17 აპრილს რუს ოპოზიციონერ აქტივისტ ვლადიმირ კარა-მურზას რუსეთში 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა სახელმწიფოს ღალატისა და სხვა ბრალდებებისთვის, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ომის კრიტიკას უკავშირდება.