სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ დაკავებული "ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაური, საქართველოს მოქალაქე მალხაზ პაქსაშვილი წარმოშობით პანკისის ხეობის სოფელ წინუბნიდანაა. 

მალხაზ პაქსაშვილის სპეცოპერაციის დროს აყვანის შესახებ ინფორმაცია აქვთ ადგილობრივებსაც. ისინი ამბობენ, რომ პაქსაშვილი ბოლო წლების განმავლობაში წინუბანში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. ის ახმეტაში სუს-მა გამოკითხვაზე დაიბარა. პაქსაშვილი იმ დროს დააკავეს, როდესაც ახმეტის მიმართულებით გადაადგილდებოდა. 

"ცხოვრობდა წინუბანში თავის ცოლ-შვილთან ერთად. ქისტი დედა ჰყავს, მამა ქართველი. გზაში ყოფილა როგორც გავიგე, ახმეტაში მიდიოდა და გზაშივე დააკავესო",- ამბობს ალი ქავთარაშვილი, პანკისის ხეობის მკვიდრი

სუსი მალხაზ პაქსაშვილს უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას ედავება. ოფიციალური ცნობით, მან საქართველო 2013 წელს დატოვა, სირიაში გაემგზავრა და ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა.

უწყების მიერ გავრცელებული ცნობით, 2013-2015 წლებში იგი ე.წ. „სამხედრო ემირების“, ძმებ ცეზარ და ცისკარა ტოხოსაშვილების დაჯგუფებაში ირიცხებოდა და აქტიურ მონაწილეობას იღებდა აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ თავდასხმებსა და სამხედრო ოპერაციებში.

ავტორი: ია გულიაშვილი

ვრცლად:

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი