
"არა რუსულ კლანს" - ამ წუთებში უზენაეს სასამართლოსთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქცია მიმდინარეობს. მათი თქმით, ვიდრე სასამართლო კორუმპირებული და პოლიტიკურად მართული მოსამართლეების ხელშია, მართლმსაჯულება ვერ იქნება მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი.
"სანამ იმ ადამიანებისგან, რომლებიც ჩვენს პლაკატებზე არიან გამოსახული, არ გაიწმინდება სასამართლო ხელისუფლება, ანუ სასამართლო კლანი არ დატოვებს სასამართლოს, მანამდე ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი საფრთხის ქვეშაა. არა მხოლოდ საზოგადოება, ოპოზიციური სპექტრი, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებიც პირდაპირ ითხოვენ ამ ადამიანების მოშორებას, რადგან ეს ადამიანები არიან ბიძინა ივანიშვილის ინტერესების გამტარებლები, კორუმპირებულები და ეს უკვე დადასტურებულია საერთაშორისო დონეზე", - თქვა ირაკლი ფავლენიშვილმა.
შეგახსენებთ, 7 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 4 ქართველ მოსამართლეს - მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს, კორუფციული საქმიანობის გამო სანქციები დაუწესა და მათ და მათი ოჯახის წევრებს ქვეყანაში შესხვლა აუკრძალა.
ავტორი: საბა ბუაძე