"მახრჩობდა პოლიციელი და თავი გავითავისუფლე" - საქალაქოში გიორგი მუმლაძის კიდევ ერთი პროცესი გაიმართა

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქტივისტ გიორგი მუმლაძის კიდევ ერთი საქმის განხილვა ცოტა ხნის წინ დასრულდა. საქმე ეხება 2021 წელს "ქართული ოცნების" ოფისთან გამართულ აქციას, რომელზეც პროტესტის მონაწილეები გალში მცხოვრები ქართველებისთვის 5-დღიანი სავალდებულო კარანტინის გაუქმებას ითხოვდნენ.

სხდომაზე ბრალდების მხარემ მტკიცებულებები წარადგინა, მათ შორის ვიდეო კადრები. ბრალდება ამბობს, რომ მუმლაძემ სამართალდამცველებს ხელი დაარტყა. დაცვის მხარე ამბობს, რომ დაკავების დროს მუმლაძეზე პოლიციელები ძალადობდნენ და ის თავს იცავდა.

"საქმე არის შეთითხნილი, ვინაიდან, ათობით მოწმე რომელიც მოიყვანა პროკურატურამ, ცალსახად ცრუობდნენ, ეს დადასტურდა ვიდეო მტკიცებულებებით, როცა ისინი მედავებიან, რომ მე თურმე პოლიციელზე ვიძალადე და ამის შემდეგ დაიწყეს ჩემი დაკავება. არანაირი ძალადობის ფაქტი არ გამოკვეთილა, უბრალოდ ჩანს ის, რასაც ვაღიარებ, როდესაც მახრჩობდა პოლიციელი თავი გავითავისუფლე და თავი გადავირჩინე. ამ ფონზე, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ თავიდან ბოლომდე ამ საქმეს ჰქონდა პოლიტიკური მოტივი და მიზნად ისახავდა რომ "მოძრაობა საქართველოსთვის" წევრები და ენმ-ს მხარდამჭერები გაენეიტრალებინა", - თქვა მუმლაძემ.

სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის დარღვევა ითვალისწინებს როგორც ჯარიმას, ასევე 2-დან 5 წლამდე პატიმრობას. საქმეზე მომდევნო სხდომა 5 მაისს ჩაინიშნა, სადაც მტკიცებულებებს დაცვის მხარე წარადგენს.

ავტორი: ნინი ბალანჩივაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი