სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია დასრულდა

გამოქვეყნდა:

სუდანიდან საქართველოს მოქალაქეთა ევაკუაცია დასრულდა. ავიაკომპანია "მაივეი ეარლაინსის" რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა, რომელმაც სუდანში დარჩენილ საქართველოს 13 მოქალაქე ჩამოიყვანა.

"რთული იყო საკმაოდ, უდაბნოში ავტობუსით 14 საათი, არავითარი გარანტია. ვიმყოფებოდით ჩვენ საცხოვრებელში, ავიაკომპანიის გესთჰაუსში. შედარებით უსაფრთხო იყო ჩვენთან, ჯარისკაცები იშვიათად ჩნდებოდნენ",- ამბობს კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელი. 

ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსის“ გენერალური დირექტორი, რატი ბაკურაძე ამბობს, რომ საქართველოს 33-ვე მოქალაქე თბილისშია. 

"საქართველოს მოქალაქეების 33-ვე უკვე სრულად ჩამოყვანილი და ევაკუირებული არიან. საკმაოდ რთული საქმე იყო, გაღწევა იყო ძალიან ძნელი ეპიცენტრიდან. გაძლება იყო ასევე რთული, რადგან საკვების დეფიციტი იყო, ასევე იყო დეფიციტი წყლის და საწვავის" ,- თქვა ბაკურაძემ. 

გუშინ კი ევაკუაციის პირველი ეტაპი ავიაკომპანიამ "Geo Sky"განახორციელა და გუშინ საქართველოს 20 მოქალაქე სუდანიდან სამშობლოში დააბრუნა.

შეიარაღებული დაპირისპირების დროს სუდანში საქართველოს 35-მდე მოქალაქე იყო დარჩენილი. რამდენიმედღიანი ლოდინის შემდეგ საქართველოს მოქალაქეები ეგვიპტეში გადაიყვანეს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მათ სუდანიდან საქართველოს, პერუსა და უკრაინის მოქალაქეები, ჯამში 138 ადამიანი გამოიყვანეს. 

ცნობისთვის, ვითარება სუდანში ისევ დაძაბულია. სუდანში შეტაკებები არმიასა და "სწრაფი მხარდაჭერის ძალებს" შორის 15 აპრილს დაიწყო და ამ დროის განმავლობაში რამდენიმე ასეული ადამიანი დაიღუპა. დაპირისპირების შედეგად განადგურებულია ქალაქ ხართუმის ინფრასტრუქტურა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი