
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სამარცხვინოს და ტრაგიკულს უწოდებს ფაქტს, რომ საქართველომ მხარი არ დაუჭირა უკრაინელი ბავშვების გენოციდის შესახებ ევროსაბჭოს რეზოლუციას:
"სამარცხვინო და ტრაგიკულია, რომ საქართველოს მხარდაჭერა არ მიუღია უკრაინელი ბავშვების გენოციდის შესახებ ევროსაბჭოს რეზოლუციას! ჩვენი ხელისუფლება არა მარტო ეროვნულ ინტერესებს ღალატობს, არამედ საკაცობრიო იდეალებსაც! ჩვენი ქვეყანა არაა სიკეთის მხარეს, ის ბოროტების ნაწილად აქციეს. მიკიბვ-მოკიბვის გარეშე უნდა ითქვას, რომ თუ ჩვენ ამას ვეგუებით ან ამ რეალობას ვერ ვცვლით, არანაირ სტატუსს არ ვიმსახურებთ. ნურც თავს მოვიტყუებთ და ნურც ერთმანეთს მოვატყუებთ." ნათქვამია ნიკა გვარამიას წერილში
შეგახსენებთ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაცია გენოციდად აღიარა. ასამბლეამ 87 ხმით 1-ის წინააღმდეგ, რეზოლუცია ხუთშაბათს მიიღო სტრასბურგში მიმდინარე საგაზაფხულო სესიაზე.
დოკუმენტზე საქართველოს ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენლის ხელმოწერა არ ფიქსირდება. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ გუშინ სტრასბურგიდან უკვე გამოფრენილები იყვნენ, რის გამოც, კენჭისყრაში მონაწილეობა ვერ მოახერხეს.