მთავრობის ადმინისტრაციასთან აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების უწყვეტი პროტესტი გრძელდება. დედები უკვე ორი კვირაა შენობასთან ღამეს ათენებენ.
დღეს ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომაა ჩანიშნული, რომლის პარალელურადაც მშობლები საპროტესტო პერფორმანსს მოაწყობენ.
აქციის მონაწილე მშობლებს იმედი აქვთ, რომ სხდომის შემდეგ, დღეს მაინც მიიღებენ პასუხს კონკრეტულ ვადაზე, თუ როდის იქნება შემოტანილი მათი მოთხოვნილი მედიკამენტი, "ვოზორიდიტი". წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ამბობენ, რომ საპროტესტო აქციებს კვლავ გააგრძელებენ. მთავრობის სხდომა ორ საათზე არის ჩანიშნული.
"ერთადერთი მოლოდინი მაქვს, რომ 15 დღე რომ დედები ქუჩაში ვართ, წვიმაში, ქარში და გაუსაძლის პირობებში, რომ ჩვენი ერთადერთი მოთხოვნა დაკმაყოფილდეს და მე ველოდები, რომ დღეს მოხდება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, ჩვენ არ გავჩერდებით და ვერ გავჩერდებით დედები, ამიტომ ძალიან გთხოვთ, რომ დღეს გაგვცეთ პასუხი სხდომაზე, როგორ მოიქცევა სახელმწიფო ჩვენი შვილების მიმართ", - ამბობს ერთ-ერთი მშობელი, სალომე გაბელაშვილი.
დღევანდელ აქციას შეუერთდნენ მშობლები კახეთიდან და ბათუმიდან.
"კახეთიდან ჩამოვედი, ჩემ შვილს, შვიდი წლის არის ბარბარე, აქვს აქონდროპლაზია, ჩამოვედი იმიტომ, რომ ჩემ შვილს სჭირდება ვოზორიდიტი და არ წავალ იქამდე, სანამ ეს წამალი არ იქნება დაფინანსებული, ყოველ ღამეს აქ დავრჩები თუ საჭირო გახდება", - ამბობს ერთ-ერთი მშობელი, ნინო სარაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მშობლებმა მთავრობის კანცელარიასთან უკვე მეთხუთმეტე დღეა რაც რჩებიან. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, წუხელ, მშობლებმა პროტესტის ადგილას კარვებიც გაშალეს, რაც პოლიციელებმა დაშალეს. მოგვიანებით, კანცელარიასთან მყოფ მშობლებს შეხვდათ სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანიც.
ავტორი: ზურა პეტროსიანი.