
"ქართული ოცნების" დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე უნგრეთში საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დაგეგმილ ვიზიტს ეხმაურება და ამბობს, რომ მას საკითხის ირგვლივ "ატეხილი აჟიოტაჟის არ ესმის".
ბუდაპეშტში 4-5 მაისს კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება, სპიკერებს შორის ღარიბაშვილიცაა. სარჯველაძე ამბობს, რომ გაუგებარია რა არის აქ ისეთი, რის გამოც ოპონენტები ხელისუფლებას მოუწოდებენ უარი თქვან ღონისძიებაში მონაწილეობაზე.
"ვერცერთ შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებიდან ვერავინ მისცემს თავს უფლებას, რომ მათ შორის იგივე უნგრეთთან, რომელიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოა რაღაცა დემარშების ენით ელაპარაკოს. ეს არ იქნება გამართლებული არცერთ შემთხვევაში. სიმართლე გითხრათ, მე პირადად არ მესმის ატეხილი აჟიოტაჟი ან რა არის აქ ისეთი, რის გამოც მოგვიწოდებენ (ოპონენტებს ვგულისხმობ ამ შემთხვევაში) ჩვენ დემარშით უარი ვთქვათ მონაწილეობაზე რომელიღაც კონკრეტულ ღონისძიებაში", - თქვა მიხეილ სარჯველაძემ.
საქართველოს მთავრობა ადასტურებს, რომ ღარიბაშვილი კონსერვატიული პოლიტიკური სამოქმედო კონფერენციას დაესწრება. ამის გამო მმართველ გუნდს დასავლეთში აკრიტიკებენ. ევროპის სოციალისტური პარტია კი "ოცნებასთან" პარტნიორობის გადახედვას განიხილავს.