40-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ნიკა გვარამიას მიმართ არსებული სამართალწარმოება პოლიტიკურად მოტივირებულია და მიზნად ისახავს კრიტიკული ხმის ჩახშობას. განცხადებაში აღნიშნულია, რომ "მთავარი არხის" დამფუძნებლის მიმართ წარმოებული საქმე მთლიანობაში ძირს უთხრის მის მიერ სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობას, ატარებს მსუსხავ ეფექტს გამოხატვის თავისუფლების მიმართ და ქმნის თავისუფალი სივრცის შევიწროების იმგვარ პრეცედენტს, რომელსაც გავლენა აქვს სახელმწიფოში პლურალისტული მედია გარემოს არსებობაზე.
ორგანიზაციები მოუწოდებენ პრეზიდენტს, საქართველოს მიმართ ევროკომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით და საქმეზე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, სახალხო დამცველის შეფასებების შესაბამისად, მიიღოს გადაწყვეტილება ნიკა გვარამიას შეწყალებაზე.
ხელმომწერები, ასევე, მოუწოდებენ უზენაეს სასამართლოს დროულად, ობიექტურად და მიუკერძოებლად განიხილოს ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე.
ნიკა გვარამიას სისხლის სამართლის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი გასაჩივრებულია საკასაციო წესით. მიუხედავად იმისა, რომ კანონით განსაზღვრული ვადა თითქმის იწურება, ნიკა გვარამიას საკასაციო საჩივრის განხილვა არათუ არ დაწყებულა, სასამართლოს შემადგენლობაც კი არ არის განსაზღვრული.
ხაზგასასმელია, რომ ნიკა გვარამიას საქმე ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან, მე-7 რეკომენდაციას პირდაპირ უკავშირდება, რომელიც ჯერ კიდევ შესასრულებელია. ამ კუთხით, რეკომენდაცია მოითხოვს „უფრო ძლიერი ძალისხმევა იყოს მიმართული თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით იმისათვის, რომ მედიის მფლობელთა წინააღმდეგ მიმართული სისხლის სამართლებრივი პროცედურები აკმაყოფილებდეს უმაღლეს სამართლებრივ სტანდარტებს, და ჩატარდეს მიუკერძოებელი, ეფექტიანი და დროული გამოძიებები ჟურნალისტებისა და მედიის სხვა მუშაკთა უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული მუქარების შემთხვევებზე.“ ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურიც მედიის მფლობელების მიმართ აღძრულ სისხლის სამართალწარმოების უმაღლეს საკანონმდებლო სტანდარტებთან შესაბამისობის აუცილებლობაზე მიუთითებს. ამ მიმართულებით, მიგვაჩნია, რომ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას, პატიმრობიდან გათავისუფლება ერთ-ერთი ნაბიჯია აღნიშნული რეკომენდაციის შესასრულებლად. ამასთანავე მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ დაფუძნდა ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოძრაობა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს. გვარამიას შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მიმართავდნენ/მიმართავენ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფი და მედიის ადვოკატირების კოალიციის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები. ასევე, საქართველოს სახალხო დამცველმაც მიმართა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით. დღეის მდგომარეობით, ნიკა გვარამია კვლავ პატიმრობაში რჩება.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ოპოზიციურმა პარტიებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის Amnesty International-მა, ნიკა გვარამიას საქმე პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნიეს. აშშ-ს საელჩოს განცხადებით, ნიკა გვარამიას პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების უფრო უსაფრთხო, დემოკრატიული, ევროპული მომავლის გაცხადებულ მიზანს.
ამასთან, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ნიკა გვარამიას დაპატიმრება, რომელიც საქართველოს პოსტსაბჭოთა ევრაზიის რეპრესიული, ავტორიტარული სახელმწიფოების სიაში აქცევს, ზიანს აყენებს ქვეყნის რეპუტაციას.
ხელს აწერენ: