უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უარყოფს რუსეთის ბრალდებებს, თითქოს კიევს კრემლში პუტინზე დრონებით თავდასხმის მცდელობა ჰქონდა.
ამის შესახებ ზელენსკიმ ფინეთში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენ თავს არ ვესხმით პუტინს ან მოსკოვს. ჩვენ ვიბრძვით ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენ ვიცავთ ჩვენს სოფლებსა და ქალაქებს. ჩვენ არ გვაქვს საკმარისი იარაღი ამისთვის, სწორედ ამიტომ არ ვიყენებთ მას სხვაგან, ჩვენთვის ეს დეფიციტია, ჩვენ არ შეგვიძლია მისი დახარჯვა. ჩვენ პუტინს თავს არ ვესხმით, მას ტრიბუნალს ვუტოვებთ", - თქვა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, დღეს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინამ კრემლზე 2 მაისის ღამეს, დრონებით იერიში მიიტანა. აფეთქების ამსახველი ვიდეოკადრები ინტერნეტსივრცეში გავრცელდა. კრემლზე თავდასხმის ვერსიის გავრცელების შემდეგ, მოსკოვის მერმა დრონები აკრძალა.
ზელენსკის გამოხმაურებამდე კომენტარი გააკეთა, უკრაინის პრეზიდენტის სპიკერმა და თქვა, რომ უკრაინა არ მონაწილეობდა კრემლზე უპილოტო თვითმფრინავის სავარაუდო თავდასხმაში.