იუსტიციის სამინისტროში გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის დელეგაციის წევრების შეხვედრა დასრულდა. საუბარი შეეხო "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საკითხს, ასევე, 12 რეკომენდაციის შესრულებას, მართლმსაჯულების რეფორმასა და სხვა საკითხებს.
ჰაკერი ამბობს, რომ ჰქონდა სურვილი მოენახულებინა მესამე პრეზიდენტი, თუმცა მასთან შესვლაზე უარი საქართველოს კანონმდებლობით ახსნეს.
"იუსტიციის მინისტრთან საინტერესო შეხვედრა გვქონდა, განვიხილეთ რამდენიმე პრობლემატური საკითხი, ის საკითხები და აუცილებელი რეფორმები, რომლებიც საქართველოს ევროინტეგრაციას ძალიან დაეხმარება. მე კიდევ ერთხელ დავსვი ნიკა გვარამიას საკითხი, რომელზეც პასუხი არ მიმიღია. ასევე მქონდა სურვილი მომენახულებინა მიხეილ სააკაშვილი, თუმცა მასთან შესვლაზე უარი საქართველოს კანონმდებლობით იქნა ახსნილი", - თქვა თომას ჰაკერმა.
ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის დელეგაციის წევრები დღეს, ასევე, შეხვდებიან სამოქალაქო საზოგადოების წევრებსა და ოპოზიციას.
საქართველოში ასევე იმყოფებიან ყოფილი ევროპარლამენტარები, რომლებიც დღეს საკანონმდებლო ორგანოში ქალ დეპუტატებს შეხვდნენ. განხილვის მთავარი თემა 12 რეკომენდაცია, ნიკა გვარამიას გათავისუფლება და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა იყო.