მკვლელობა ვერაზე - გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი ანგარიშსწორების საქმეს საგამოძიებო უწყება ჩაერთო. უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ დაკავებულია გიჩო მარგველაშვილის დაცვის სამსახურის თანამშრომელი.
კოკა კაციტაძის უწყებამ გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობისა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების მუხლით დაიწყო.
"ქალაქ თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე, განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე დაკავებულიქნა შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი კ.კ.
საქმეზე ამჟამად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2023 წლის 4 მაისს, საღამოს საათებში, ქალაქ თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორან „ლა ვერასთან“, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი კ.კ. დასაცავი პირის ნათესავ გ. მ.-სთან ერთად იმყოფებოდა და მობილურ ტელეფონზე საუბრობდა. მოულოდნელად გ.მ.-ს შეიარაღებული ს.გ. მიუახლოვდა, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან მის მიმართ რამდენიმე გასროლა განახორციელა და ფეხების არეში ცეცხლნასროლი დაზიანებები მიაყენა. აღნიშნულის შემდეგ ს.გ.-მ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა.
ადგილზე მყოფმა დაცვის სამმართველოს უფროსმა ინსპექტორმა ს.გ-ს შემთხვევის ადგილის დატოვების შესაძლებლობა არ მისცა და სხეულის მიდამოში მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღით რამდენჯერმე ესროლა, რომელსაც კანონის მოთხოვნათა დარღვევით ატარებდა. ს.გ. გულ-მკერდის არეში მიყენებული ცეცხლნასროლი დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქმეზე გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩაატარეს. კერძოდ, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, საიდანაც ამოღებული იქნა ექსპერტიზისთვის საჭირო კვლევის ნიმუშები და სხვა სახის ობიექტები.
გამოიკითხნენ ინციდენტის სიახლოვეს მყოფი მოწმეები, კერძო ობიექტებიდან გამოთხოვილი იქნა ფაქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერები, მოპოვებული იქნა ინციდენტში მონაწილე პირების კუთვნილი ტანსაცმელი, შესადარებელი ნიმუშები და სხვა ნივთიერი მტკიცებულებები. ამოღებული იქნა დანაშაულის იარაღი. დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. ასევე, გამოძიებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის გასაცემად დაინიშნება ბიოლოგიური, ქიმიური, ბალისტიკური, ტრასოლოგიური და სხვა შესაბამისი ექსპერტიზები.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს“, - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
შეგახსენებთ, რომ "მთავარმა არხმა" გოგებაშვილის ქუჩაზე სროლის ექსკლუზიური კადრები მოიპოვა.კადრებში ჩანს, როგორ ესროლა თავდამსხმელმა საბა გახოკიამ ბიზნესმენ გიჩო მარგველაშვილს, რის შემდეგაც სისხლიან გარჩევაში არაერთი პირი ჩაერთო, მათ შორის მარგველაშვილის დაცვა, რომელმაც გახოკიას საპასუხოდ ესროლა და მისი ლიკვიდირება მოხდა.
ამავე თემაზე: