
გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი აუცილებელი მოგერიების პირობებში მოქმედებდა. ადვოკატი ასევე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჰქონდა როგორც იარაღის შენახვის, ასევე ტარების უფლება.
"ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, რომ ნამდვილად იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. პიროვნება, რომელმაც განახორციელა გასროლა, მას ჰქონდა 2 იარაღით. 1 იარაღი იყო ვინჩესტერის, გლუვი, მეორე იყო მაკაროვის პისტოლეტი.
და ზუსტად როდესაც დაუძახა ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა პირმა. პირველი რაც იყო ჩემი რეაქციაო, დავუძახე, სდექ, პოლიციაა. მიუხედავად გაფრთხილებისა, მან მეორე იარაღისკენ წაიღო ჯიბეში ხელი და ეს იყო ზუსტად იმის საფუძველი, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს თავი დაეცვა, მისი თავიც და სხვისი სიცოცხლეც, იმიტომ რომ იქ ბევრი მოქალაქე იყო და უბრალოდ გადაარჩინა საყვავილემ.
როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, 7 თვეა, იმყოფება ამ პიროვნებების დაცვაში. რაიმე კონფლიქტის შესახებ მისთვის უცნობია. აბსოლუტურად არანაირი კონფლიქტური სიტუაციის შესახებ მისთვის არ იყო ცნობილი. ეს პიროვნება, ვინც გასროლა განახორციელა, მისთვისაც უცნობი იყო. პირველი გასროლა არ დაუნახავს, უბრალოდ, გაიგონა, შემოვბრუნდი, მეორე გასროლა დავინახეო და მაშინვე დავუძახეო, სდექ პოლიციააო," - ამბობს დაკავებულის ადვოკატი.
ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირი კახაბერ კამლაძეა. მას გამოძიება განზრახ მკვლელობას და იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარებას ედავება.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაკავებული დაცვის პოლიციის უფროსი ინსპექტორია. ის გიჩო მარგველაშვილის ნათესავის დაცვა იყო და იარაღის ტარების უფლება ჰქონდა. სწორედ კამლაძემ ესროლა საპასუხოდ საბა გახოკიას , რომელიც ადგილზე დაიღუპა.
მკვლელობა გოგებაშვილის ქუჩაზე 4 მაისს მოხდა. "მთავარმა არხმა" შემთხვევის ადგილის ექსკლუზიური კადრები მოიპოვა, სადაც ჩანს, როგორ ესროლა თავდამსხმელმა საბა გახოკიამ ბიზნესმენ გიჩო მარგველაშვილს, რის შემდეგაც გარჩევაში ჩაერთო მარგველაშვილის დაცვა, რომელმაც გახოკიას საპასუხოდ ესროლა. გახოკია ადგილზე დაიღუპა.