გაზრდის ცესკოზე "ოცნების" გავლენას, მოვუწოდებთ პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს - ISFED ინიციატივაზე

გამოქვეყნდა:

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები (ISFED) ცენტრალური საარჩევნო კომისიის შესახებ "ქართული ოცნების" ახალ ინიციატივას ეხმაურება და აცხადებს, რომ მმართველი პარტია ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევის წესს საკუთარ ინტერესს არგებს.

როგორც ორგანიზაცია განმარტავს, წარმოდგენილი ცვლილებები უფრო მეტად შეამცირებს ცესკოს დამოუკიდებლობას, გაზრდის მასზე მმართველი პარტიის გავლენას.

"წარმოდგენილი ცვლილებები უფრო მეტად შეამცირებს ცესკოს დამოუკიდებლობას, გაზრდის მასზე მმართველი პარტიის გავლენას და უკიდურესად დააკნინებს პრეზიდენტის როლს კანდიდატების შერჩევის პროცესში. საარჩევნო ადმინისტრაციის კონსენსუსის წესით არჩევა, ასევე მნიშვნელოვანი წინაპირობაა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტშიც. ინიციატივა სრულიად ეწინააღმდეგება 2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკურ შეთანხმებას, ვენეციის კომისიის/ეუთო-ოდირის რეკომენდაციებს და ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წარმოდგენილი 12 პირობიდან ერთ-ერთს," - წერს ISFED.

ISFED ამბობს, რომ იცვლება და იზღუდება პრეზიდენტის როლი ცესკოს დაკომპლექტების პროცესში.  ორგანიზაცია ამბობს, რომ წარმოდგენილი ცვლილებები არ პასუხობს საარჩევნო ადმინისტრაციისადმი არსებულ უმთავრეს გამოწვევას - ნდობის ნაკლებობას და ეწინააღმდეგება საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის შესახებ აქამდე არსებულ ფუნდამენტურ შეთანხმებას, მმართველი პარტიის მიერ აღებულ ვალდებულებებსა და კომპეტენტური ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს. 

"ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების მაღალი კვორუმით, პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე არჩევა წარმოადგენდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით 2021 წლის 19 აპრილს მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების ერთ-ერთ ძირითად საკითხს. გარდა ამისა, საარჩევნო ადმინისტრაციის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის, დამოუკიდებლობის ნაკლებობის საკითხი ვენეციის კომისიისა და ეუთო-ოდირის კრიტიკის საგანი არაერთხელ გამხდარა. ამ ინსტიტუტების რეკომენდაციების გათვალისწინება კი ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ საქართველოსათვის წარდგენილი 12 პირობიდან ერთ-ერთია. 

წარმოდგენილი კანონპროექტი აგრძელებს მმართველი პარტიის მიერ ძალაუფლების სრული კონცენტრაციის ტენდენციას, აძლევს რა მას ცესკოს პროფესიული წევრების არჩევის შეუზღუდავ უფლებამოსილებას. ამავდროულად, გამორიცხავს პრეზიდენტის რეალურ მონაწილეობას ცესკოს დაკომპლექტებაში და მას უტოვებს უმნიშვნელო როლს, რათა კონსტიტუცია ფორმალურად არ იქნეს დარღვეული", - წერს ISFED.

ISFED მოუწოდებს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს წარმოდგენილ კანონპროექტს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი