
ამერიკელი პოლიტოლოგი, ფილოსოფოსი, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ფრენსის ფუკუიამა საქართველოში ვიზიტის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს სათაურით "ქართული კოშმარი", რომელშიც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებია მიმოხილული.
ფუკუიამა წერს, რომ მიუხედავად ქართველი ხალხის უმრავლესობის ევროკავშირისკენ სწრაფვისა, საქართველოს მთავრობა მხარდაჭერას მოსკოვს უცხადებს და ეს მხარდაჭერა რიგ შემთხვევებში აშკარად ჩანს.
"ქართული ოცნების ამჟამინდელი მთავრობა კი მშვიდად უცხადებს მხარდაჭერას მოსკოვს, მიუხედავად საზოგადოების პროტესტისა, რომელიც კვლავ ითხოვს გაწევრიანებას ევროკავშირში. ეს მხარდაჭერა რიგ შემთხვევებში აშკარად ჩანს.
სხვა პოსტ-საბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით, როგორებიცაა ბალტიისპირეთის ქვეყნები ან პოლონეთი, საქართველომ თავი ნეიტრალურად გამოაცხადა მიმდინარე ომში და უარი თქვა დასავლეთის სანქციების მხარდაჭერაზე, ხოლო რუსეთის მედიასა და პროპაგანდას სრული თავისუფლება მისცა. არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ მთავრობა ფარულად ეხმარება რუსეთს ევროკავშირის სანქციების თავიდან აცილებაში. ამაზე მეტყველებს ევროკავშირიდან იმპორტის მნიშვნელოვანი ზრდა და ეს იმპორტი, ბევრის აზრით, რუსეთისთვისაა განკუთვნილი", - წერს ფუკუიამა.
ამავე კონტექსტი ფუკუიამა საუბრობს საქართველოში ომს გამოქცეული რუსების შემოდინებაზე და წერს, რომ ისინი არ არიან რუსეთის კრიტიკოსები, არამედ მათ უბრალოდ სურდათ თავიდან აეცილებინათ მობილიზაცია.
"ომის დასაწყისში იყო ასევე რუსების შემოდინება საქართველოში, რასაც მოჰყვა კიდევ ერთი უზარმაზარი ტალღა პუტინის მიერ გასული წლის სექტემბერში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ.
მთავრობამ აიძულა გაქცეული რუსები, რომლებიც აკრიტიკებენ პუტინს, სხვა ქვეყნებში გადასულიყვნენ, ათობით ათასი კი დარჩა, რამაც გამოიწვია საცხოვრებლის ხარჯების ზრდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს რუსები სულაც არ არიან პუტინის კრიტიკოსები; მათ უბრალოდ სურდათ თავიდან აეცილებინათ მობილიზაცია და არსებობს შიში, რომ საქართველოში ფესვების გადგმის შემდეგ ისინი ამ ქვეყნის პოლიტიკაში როლის შესრულებას დაიწყებენ", - აღნიშნავს ამერიკელი პოლიტოლოგი.
მიუხედავად საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკისა, ფუკუიამა მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ყველაზე შემაშფოთებელი ქმედებები შიდა პოლიტიკას უკავშირდება. ამ კონტექსტში ამერიკელი პოლიტიკოსი მესამე პრეზიდენტისა და "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის პატიმრობაზე საუბრობს. ასევე იხსენებს რუსულ კანონპროექტს და აღნიშნავს, რომ ხალხის პროტესტის შემდეგ "ოცნებამ" ის უკან გაიწვია, თუმცა "ნებისმიერ დროს შეუძლია მისი ხელახლა ინიცირება".
ფუკუიამას აზრით, ხელისუფლების ეს ქმედებები გამიზნულია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსების შემცირებისთვის.
"ქართული ოცნების ხელისუფლების ყველაზე შემაშფოთებელი ქმედებები შიდა პოლიტიკას უკავშირდება. მათ დააპატიმრეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, და უარს ამბობს მას ადეკვატური სამედიცინო დახმარება მიაწოდონ. მათ ასევე დააკავეს ქვეყნის დამოუკიდებელი სატელევიზიო არხის ლიდერი ნიკა გვარამია სრულიად გაურკვეველი ბრალდებით, ამ წლის დასაწყისში კი პარლამენტში შეიტანეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ბევრი ადამიანი იძულებული იქნებოდა გამოეცხადებინა თავი უცხოური გავლენის აგენტად, რის შემდეგაც შეიზღუდებოდა მათი დაფინანსება. ეს კანონპროექტი ეფუძნება რამდენიმე წლის წინ რუსეთში მიღებულ კანონს, რომელიც პუტინმა გამოიყენა რეჟიმის კრიტიკოსების დასასჯელად და მათი ქვეყნიდან განსადევნად.
ქართული კანონპროექტის მიზანი იყო ქვეყნის ძლიერი არასამთავრობო სექტორის გავლენის მარგინალიზაცია - ორგანიზაციებისა, როგორებიცაა ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრი ან საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, რომლებიც აკრიტიკებდნენ ხელისუფლების მზარდ ავტორიტარულ ტენდენციებს. შემოთავაზებულმა კანონპროექტმა გამოიწვია საპროტესტო აქციების მასიური სერია მთელი ქვეყნის მასშტაბით. მთავრობამ საპასუხოდ გააუქმა ეს ღონისძიება, მაგრამ ნებისმიერ დროს შეუძლია მისი ხელახლა ინიცირება. ეს ქმედებები, როგორც ჩანს, გამიზნულია საქართველოს ევროკავშირში მოხვედრის შანსების შემცირებისთვის", - წერს ფუკუიამა.
ვრცელ სტატიაში ფუკუიამა ასევე წერს, რომ სანქციები უნდა გავრცელდეს ამჟამინდელი ხელისუფლების წევრებსა და პარტიის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილზე, "რომელიც მოვლენებს კულისებიდან აკონტროლებს".
ფუკუიამა აღნიშნავს, რომ ივანიშვილი გაცილებით მეტს აკეთებს რუსეთის დასახმარებლად, ვიდრე სანქციების სიაში მყოფი მრავალი რუსი ოლიგარქი.
"დასავლეთის პასუხი არ უნდა იყოს საქართველოს შესვლაზე უარის თქმა, არამედ მკაფიო პირობების დაწესება, რაც შეწყვეტს ბოლოდროინდელ ანტიდემოკრატიულ ქმედებებს. ჩემ საქართველოში ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ სანქციებს უწესებდა ოთხ ქართველ მოსამართლეს, რომლებიც დამნაშავენი იყვნენ კორუფციაში.
ეს სანქციები უნდა გავრცელდეს ამჟამინდელი ხელისუფლების სხვა წევრებზე და განსაკუთრებით იმ ოლიგარქზე, რომელიც აკონტროლებს მოვლენებს კულისებიდან. ივანიშვილს ქონების გარკვეული ნაწილი უკვე აქვს გაყინული შვეიცარიაში, რაც მას ამერიკის გავლენის შედეგად მიაჩნია.
შეერთებულმა შტატებმა ღიად უნდა იმოქმედოს მისი სხვა აქტივების წინააღმდეგ, რომლებიც გამოიყენება ქართული დემოკრატიისთვის ძირის გამოსათხრელად.
ივანიშვილი გაცილებით მეტს აკეთებს რუსეთის დასახმარებლად, ვიდრე სანქციების სიაში მყოფი მრავალი რუსი ოლიგარქი", - აღნიშნავს ფუკუიამა.