"ევროპული საქართველოს" მაჟორიტარები - პარტია რეგიონების კანდიდატებს 3 აგვისტოს დაასახელებს

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველო" დღეს, 3 აგვისტოს, რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენს - სწორედ ამით დაიწყებს პარტია წინასაარჩევნო კამპანიას. მაჟორიტარობის 22 კანდიდატიდან, პარტია დღეს ნაწილის წარდგენას გეგმავს.

გვქონდა სურვილი, მომხდარიყო თბილისს გარეთაც პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმება, მაგრამ რახან გადაწყდა, რომ შეთანხმება არ არის საჭირო, ასეთ შემთხვევაში, მიგვაჩნია, რომ ყველა პარტიამ, მათ შორის ჩვენც, მაჟორიტარობის კანდიდატები რაც შეიძლება მალე უნდა დავასახელოთ და მალე შევუდგეთ საქმეს, იმიტომ რომ ქართული პოლიტიკური სპექტრის პასუხისმგებლობაა, არა მხოლოდ "ევროპული საქართველოსი", რომ ბიძინა ივანიშვილი ამ არჩევნებში აუცილებლად უნდა დამარცხდეს, - ამბობს "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი აკაკი ბობოხიძე. 

ამ ეტაპზე, ცნობილია, მხოლოდ ის, რომ ხულოს, შუახევის, ქედასა და ხელვაჩაურის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე, ტარიელ ნაკაიძე იქნება. ის პარტიის გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ ხულოს რაიონის სოფელ ქედლების მოსახლეობას, 1-ელ ივლისს წარუდგინა

სხვა კანდიდატებთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია, ჯერჯერობით უცნობია. კანდიდატებს "ევროპული საქართველო" 3 აგვისტოს, 12:00 საათზე დაასახელებს. 

მანამდე კი ოპოზიციაში, კანდიდატების რეგიონებში წარდგენასთან დაკავშირებით კონსულტაციები დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. იყო ვერსია, რომ თბილისის მსგავსად, ოპოზიცია მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატებს დაასახელებდა.

შეთანხმების შემთხვევაში, "ევროპულ საქართველოს" საკუთარი კანდიდატების წარდგენა ოთხ ოლქში - ზემო აჭარაში, მარტვილში ან ფოთში, თერჯოლა/ზესტაფონსა და ხონში სურდა, დანარჩენ ოლქებში კი მხარს ოპოზიციის საერთო კანდიდატს დაუჭერდნენ.

თუმცა, საბოლოოდ გაირკვა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ყველა, 22-ვე მაჟორიტარულ ოლქში, საკუთარ კანდიდატურას დაასახელებდა. გადაწყვეტილებას კი, პარტიაში, ენმ-ს ამომრჩევლის მოლოდინებითა და ძლიერი კანდიდატებით ხსნიდნენ. 

ამის შემდეგ, უკვე 27 ივლისს, გიგი უგულავამ, შეთანხმებისკენ სხვა ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა. "გავაგრძელოთ კონსულტაცია და უმოკლეს ვადებში შევთანხმდეთ რეგიონებში საერთო, ძლიერი მაჟორიტარული კანდიდატების შერჩევაზე". 

რა გადაწყვიტა ოპოზიციამ და როგორი გადაწყვეტილება მიიღო "ევროპულმა საქართველომ", ეს უკვე ხვალინდელ ღონისძიებაზე გაირკვევა. 

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველმა ქვეყნის მასშტაბით 30 მაჟორიტარი უნდა აირჩიოს - მათგან 22 რეგიონებში, რვა კი თბილისში.

"ლეიბორისტული პარტიის" მაგიდის ირგვლივ გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისის ექვს მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატები 19 ივნისს წარადგინა. სია ასეთა: 

  • ვაკის რაიონში კენჭს "ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია იყრის;
  • გლდანში მაჟორიტარობისთვის "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია იბრძოლებს;
  • ამავე პარტიის წევრი, ლევან ხაბეიშვილი სამგორის ოლქში წარადგინეს;
  • მთაწმინდის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი შალვა შავგულიძე იქნება;
  • "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი კი კენჭს ნაძალადევში იყრის; 
  • ისანში კი ოპოზიციის წევრებმა "ახალი საქართველოს" ლიდერი, გიორგი ვაშაძე წარადგინეს.

დიდუბე-ჩუღურეთისა და საბურთალოს ოლქებში წარსადგენ კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციები კი ამ დრომდე გრძელდება. პარალელურად, ამ ოლქებში საკუთარი კანდიდატურის დაყენება უკვე გადაწყვიტეს და ეს საჯაროდაც გამოაცხადეს ანა დოლიძემ - დიდუბის ოლქში, თაკო ჩარკვიანმა კი საბურთალოზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი