
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ რამდენიმე პარტიას დაფუძნებული აქვს არასამთავრობო ორგანიზაციები - "ყალბი ენჯეო", რომ გრანტები აიღონ და ფული პოლიტიკაში მოიხმარონ. პაპუაშვილის კომენტარს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.
პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ IRI აფინანსებს ისეთი სახის ღონისძიებებს, სადაც იარაღთან შეჩვევა და რევოლუციური სცენარების დანერგვა ხდება. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, IRI-მ გაასაჯაროოს, რა მოცულობის თანხით აფინანსებს ე.წ. ენჯეოს, რომელიც სინამდვილეში "გირჩის" პარტიის გაგრძელებაა.
მან აუდიტის სამსახურს მოუწოდა აღნიშნულით დაინტერესდეს.
"ასეთი ღონისძიებები როცა ფინანსდება ამერიკელი გადამხდელების ფულით, არის ძალიან შოკის მომგვრელი. ამ ორგანიზაციებს მოვუწოდებ, გაასაჯაროონ, რაში იხარჯება მათი ფული, ძალადობრივი ჯგუფების და არჩევნების უარმყოფელების დაფინანსება რომ ხდება, რადგან შემდეგ არ იყოს საუბარი, თითქოს, ეს ფული ქართველ ხალხს ხმარდება. ეს ფული პირდაპირ ხმარდება ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო საქმეებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ეს საკითხი გადაიხედოს.
თითქოს რომელიღაც "ენჯეო" აწყობს ღონისძიებებს. სინამდვილეში, ეს არის ყალბი "ენჯეო", რომელიც დაფუძნებულია "გირჩის" პოლიტსაბჭოს წევრების მიერ. ეს არის ჩვეულებრივი სქემა, რათა კანონის გვერდის ავლით მიიღონ უცხოური დაფინანსება. ჩვეულებრივი გვერდის ავლა ხდება კანონის და მე მოვუწოდებ მათ შორის აუდიტის სამსახურსაც, ამ სქემებით დაინტერესდეს, რამდენიმე სხვა ასეთი სქემაც ვნახეთ ჩვენ, თუნდაც დროას შემთხვევაში, სხვა პარტიების შემთხვევაში, რომ არის შექმნილი ყალბი NGO-ები და ხდება უცხოეთიდან დაფინანსება პარტიების, რომელიც აკრძალულია საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში, ეს ზოგადი წესია, რომ უცხოურ ფულს არაფერი ესაქმება პოლიტიკაში. გამოაშკარავდა ასეთი სქემები "გირჩის" შემთხვევაში, "დროას" შემთხვევაში, სხვა პარტიების შემთხვევაში, "ევროპულ საქართველოსაც" აქვს ჩამოყალიბებული ყალბი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელიც არის არა უბრალოდ აფილირებული ამ პარტიებთან, პირდაპირ დაფუძნებულია ლიდერების მიერ, იმართება მათ მიერ და ხდება გრანტად გაფორმება პოლიტიკური ფულისა, რომელიც არის კიდევ ერთხელ, უკანონო დაფინანსება პარტიების", - თქვა პაპუაშვილმა.