საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებას ეხმაურება და გადაწყვეტილებას პროვოკაციას უწოდებს:
"მორიგი რუსული პროვოკაცია! საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენა და სავიზო აკრძალვის გაუქმება მიუღებელია, სანამ რუსეთი აგრძელებს აგრესიას უკრაინაზე და ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორია!", - წერს ზურაბიშვილი "ტვიტერზე".
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამის გადაწყვეტილებას პუტინმა ხელი უკვე მოაწერა. გადაწყვეტილება ძალაში 15 მაისიდან შევა.
ამასთან, პუტინმა გააუქმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა. რუსული პროპაგანდისტული მედია წერს, რომ თავის მხრივ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააუქმა რეკომენდაცია რუსებს, რომ თავი შეიკავონ მეზობელ ქვეყანაში მოგზაურობისგან.
რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენები 2019 წელს, ანტისაოკუპაციო აქციების შემდეგ აეკრძალათ. შესაბამისი დოკუმენტი სახელწოდებით "რუსეთის ნაციონალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად" ამავე წლის 8 ივლისს გამოიცა. დოკუმენტის თანახმად, აკრძალვის მიზანი იყო "ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და რუსეთის მოქალაქეების დაცვა".