დროა, შეიკრიბოს უსაფრთხოების საბჭო და განიხილოს 3 თვიანი ვიზების დაწესება რუსეთის მოქალაქეებისთვის - ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას უსაფრთხოების საბჭოს მოწვევისკენ მოუწოდებს, სადაც რუსეთისთვის ვიზების დაწესებას განიხილავენ.

ამის შესახებ ზურაბიშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ზურაბიშვილი ბრიფინგზე რუსეთის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, გააუქმოს საქართველოსთან სავიზო რეჟიმი და ფრენების აკრძალვა.

"მე მოვუწოდებ ხელისუფლებას, ეს ის დროა, თავისი პოზიცია მკაფიოდ გამოაჩინოს, დრო არის იმისი, რომ შეიკრიბოს უსაფრთხოების საბჭო, შეიკრიბოს საჯაროდ და განხილული იყოს 3-თვიანი ვიზების დაწესება, რაც საჭიროა, თუნდაც შიდა გამოწვევებიდან გამომდინარე. მეტი კონტროლია სახელმწიფოდან საჭირო იმ რუსების მიმართ, რომლებიც შემოდიან და რჩებიან ქვეყანაში და აუცილებელია, რაღაც ზომები იყოს მიღებული, იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ჩაჯდეს ნორმალურ ცივილიზებულ ჩარჩოებში.

[...]

არის რაღაცები, რაც არ შეიძლება რომ მოხდეს ქვეყანაში. არ შეიძლება, რომ რუსულენოვანი ბაგა-ბაღები გაიხსნას, სადაც არ იქნება აუცილებელი, რომ ქართული ენა იყოს აუცილებელი იმ ბავშვებისთვის, რომელიც დღეს საქართველოში ცხოვრობენ. არ შეიძლება არ დაწესდეს რაღაც ზომები, რა არის მოთხოვნები ადამიანებზე, რომლებიც ეწევიან ამა თუ იმ პროფესიას, ეს ნიშნავს ლიცენზირებას, თუნდაც ტაქსის მძღოლებზე, გიდებზე და კიდევ ბევრ სხვა პროფესიაზე, ეს არის ჩვენი საზოგადოების დაცულობა ჩვენი საზოგადოების და ეს არის სწორი პასუხი დღევანდელ პროვოკაციაზე", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამის გადაწყვეტილებას პუტინმა ხელი უკვე მოაწერა. გადაწყვეტილება ძალაში 15 მაისიდან შევა. 

ამასთან, პუტინმა გააუქმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა. რუსული პროპაგანდისტული მედია წერს, რომ თავის მხრივ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააუქმა რეკომენდაცია რუსებს, რომ თავი შეიკავონ მეზობელ ქვეყანაში მოგზაურობისგან.

რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენები 2019 წელს, ანტისაოკუპაციო აქციების შემდეგ აეკრძალათ. შესაბამისი დოკუმენტი სახელწოდებით "რუსეთის ნაციონალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად" ამავე წლის 8 ივლისს გამოიცა. დოკუმენტის თანახმად, აკრძალვის მიზანი იყო "ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და რუსეთის მოქალაქეების დაცვა".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი