
"ქართული ოცნება" არის წარსული, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა "მთავარი არხის" ეთერში, ნიკა გვარამიას გადაცემაში "მთავარი აქცენტები" განაცხადა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, "ოცნების" მაჟორიტარების წარდგენა არც უნახავს და არც აინტერესებს.
საერთოდ აღარ მაინტერესებს "ქართული ოცნება". "ქართული ოცნება" არის წარსული. ახლა უკვე ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად კონცენტრირებულად, კონსოლიდირებულად არჩევნებზე დავამარცხებთ მათ და გავისტუმრებთ ისტორიის სანაგვეზე, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ 2020 წლის არჩევნებში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პირველ ადგილზე გავა. მისივე თქმით, ისინი ითანამშრომლებენ ყველასთან, ვინც არ თამაშობს ივანიშვილის
თამაშს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ მომავალი ხელისუფლება წარმომადგენლობითი უნდა იყოს.
მაჟორიტერების გაცვლაზე მიხელ სააკაშვილი ამბობს, რომ მისი იდეა იყო ნამდვილი ოპოზიციური ძალა გაერთიანებულიყო და ერთიანი საპარლამენტო სია გაეკეთებინათ, რაზეც ოპოზიციამ უარი თქვა. მისივე თქმით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ახლა უნდა იკისროს ის, რაც უნდა გაეკეთებინა საერთო სიას და არჩევნები ერთპიროვნულად მოიგოს.
შეგახსენებთ, რომ 20 ივლისს "ქართულმა ოცნებამ" თბილისსა და რეგიონებში მაჟორიტარების კანდიდატები წარადგენა. მაჟორიტარების წარდგენის ცერემონიას თვეების განმავლობაში გაუჩინარებული ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა, წარდგენაზე იყო მინისტრთა კაბინეტი სრული შემადგენლობით; პრეზენტაციაზე იყვნენ ლაშა ნაცვლიშვილი და გოგა ხაინდრავაც, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძესა და მის მოადგილე პაატა იმნაძესთან ერთად. კოჯორში გამართულ ცერემონიალს სამედიცინო სფეროს სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, მათ შორის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, ექიმი ლევან რატიანი და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო, რომელიც თბილისში საბურთალოს მაჟორიტარად დაასახელეს.
მანამდე კი "ლეიბორისტული პარტიის" მაგიდის ირგვლივ გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისის ექვს მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატები 19 ივნისს წარადგინა. სია ასეთა:
დიდუბე-ჩუღურეთისა და საბურთალოს ოლქებში წარსადგენ კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციები კი ამ დრომდე გრძელდება. პარალელურად, ამ ოლქებში საკუთარი კანდიდატურის დაყენება უკვე გადაწყვიტეს და ეს საჯაროდაც გამოაცხადეს ანა დოლიძემ - დიდუბის ოლქში, თაკო ჩარკვიანმა კი საბურთალოზე.
ცნობისთვის, საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები 120/30 თანაფარდობით ჩატარდება, ამომრჩეველმა 30 დეპუტატი მაჟორიტარული წესით, ხოლო 120 პროპორციული წესით უნდა აირჩიოს.