ჩვენ ვართ ის ძალა, ვინც გაიმარჯვებს ბნელ მხარეზე, - ასე პასუხობს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის იმ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ვაშაძე ბნელ, არასწორ მხარეს გადავიდა.
გიორგი ვაშაძემ ეს განცხადება Facebook-ის პირად გვერდზე გამოაქვეყნა.
მანამდე კი, მიხეილ სააკაშვილმა "მთავარი არხის" ეთერში, ნიკა გვარამიას გადაცემაში "მთავარი აქცენტები" განაცხადა, გიორგი ვაშაძე ბნელ, არასწორ მხარეს გადავიდა და ის, რაც დღეს ოპოზიციაში ხდება, ბიძინა ივანიშვილის თამაშია, რომ ოპოზიცია დაშალოს.
მისივე თქმით, იმის თქმის საფუძველს, რომ ვაშაძე "ბნელ მხარეს გადავიდა" აძლევს: "იმიტომ რომ ყველაფერი, რაც ახლა კეთდება, სხვადასხვა ჯგუფები და ა.შ. ერთმანეთს ვებრძვით და ერთმანეთზე ვლაპარაკობთ იმის მაგივრად რომ ივანიშვილზე ვკონცენტრირდეთ, ეს რა თქმა უნდა ივანიშვილის თამაშია".
შეგახსენებთ, რომ გიორგი ვაშაძე თაკო ჩარკვიანთან ერთად გამოეყო ბლოკს "ძალა ერთობაშია" და ახალი პოლიტიკური ბლოკი, "სტრატეგია აღმაშენებელი" დააფუძნა. ამის შემდეგ კი ვაშაძემ განაცხადა, რომ ქვეყნის პრემიერმინისტრობისთვის ბრძოლასაც გეგმავს.
მანამდე კი ჯერ კიდევ "ახალი საქართველოს" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ საბურთალოს ოლქში თაკო ჩარკვიანის კანდიდატურას დაუჭერდა მხარს. შეგახსენებთ, რომ საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთის ოლქებში წარსადგენ კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციებს "ლეიბორისტული მაგიდის" ირგვლივ გაერთიანებული ოპოზიცია ამ დრომდე განაგრძობს.