
ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიცია 30 მაისს, სოხუმში, "სახალხო მიტინგს" აანონსებს. აფხაზური ოპოზიცია დე ფაქტო ხელისუფლებისგან მოითხოვს, უარი თქვას პროექტებზე, რომლებიც "სუვერენიტეტს" საფრთხეს უქმნის.
ოპოზიციამ დე ფაქტო ხელისუფლებას ე.წ. მინისტრთა კაბინეტის გადასაყენებლად ვადა 11 მაისამდე მისცა, თუმცა ე.წ. ლიდერმა,ც ასლან ბჟანიამ მოთხოვნა არ შეასრულა.
ე.წ. ოპოზიციონერების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:
"ქვეყნის მასშტაბით უამრავი შეხვედრა და კონსულტაცია ჩავატარეთ, ხელისუფლებას კრიზისიდან გამოსვლის გონივრული გეგმაც შევთავაზეთ - მათ უარი უნდა ეთქვათ იმ კანონებისა და პროექტების განხორციელებაზე, რომლებიც საფრთხეს უქმნის ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას. თუმცა, ჩვენი ხალხის ყველა ინიციატივა იგნორირებულია ხელისუფლების მხრიდან, რომელიც როგორც ჩანს, დარწმუნებულია, რომ მას შეუძლია განახორციელოს ყველა თავისი იდეა აფხაზი ხალხის ინტერესების გაუთვალისწინებლად".
"აფსნის" ლიდერის განცხადებით, ოპოზიცია ერთი წლის მანძილზე თავს იკავებდა აქციების გამართვისგან და პრობელემის მოსაგვარებლად ე.წ. ხელისუფლებასთან თანამშრომლობას ცდილობდა, თუმცა, ყოველივე უშედეგო აღმოჩნდა.