დღეიდან, 15 მაისიდან ძალაში შედის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულებები რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვის მოხსნისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ.
საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ რუსეთში90 დღით უვიზოდ ყოფნა. სავიზო რეჟიმი 2 000 წლიდან მოქმედებდა.
ცნობილია რომ რეისების განხორციელებისთვის ემზადება რუსული ავიაკომპანია "აზიმუტი", რომელიც სანქცირებული არაა და მზად არის, საქართველოს ხელისუფლების თანხმობის შემთხვევაში მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით ავიამიმოსვლა ხვალვე დაიწყოს. ქართული მხარიდან მზადყოფნას ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" გამოთქვამს.
"არასტაბილური ბაზარია, არ ღირს რუსეთის ბაზარზე გათვლა, როგორც ბიზნესი, ეს ერთი, მეორე ძალიან საინტერესოა როგორ მოხდება ფინანსური ბრუნვა და ურთიერთობა, სანქციაზეა ქვეყანა. [...] იქიდან ფრენები, თავისთავად, მე არცერთ ქართველ მოქალაქეს არ ვურჩევ ჩაჯდეს რუსულ თვითმფრინავში, იმიტომ, რომ საფრთხის შემცველია, ზედამხედველობა არ ხდება ევროპული კანონმდებლობით. არანაირად ეს არაა გათვლილი ქართველ მოქალაქეებზე, ეს არის რუსეთის მოქალაქეებზე", - ამბობს "ეარჯორჯიას" დამფუძნებელი გიორგი კოდუა
ცნობისთვის, ფრენების აკრძალვა დუმის დეპუტატ გავრილოვთან დაკავშირებულ მოვლენებს მოჰყვა. 2019 წლის ივნისში საქართველოს პარლამენტში იმართებოდა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა, რომლის თავმჯდომარეც დუმის დეპუტატი იყო. 19 ივნისს მან პარლამენტის თავმჯდომარის სკამი დაიკავა, რასაც ათასობით ადამიანის პროტესტი მოჰყვა. ხელისუფლებამ 20 ივნისს აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.