
ირანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა თითქმის სამჯერ აღემატება იმ ციფრებს, რომელსაც მთავრობა ქვეყნებს. ამის შესახებ ჟურნალისტურ გამოძიებას საერთაშორისო გამოცემა BBC აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ მთავრობის გაკეთებული არაოფიციალური ჩანაწერის მიხედვით, 20 ივლისამდე კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 42 000 იყო, ხოლო სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, იგივე მონაცემებში 14 405 ადამიანი ეწერა.
ინფიცირებულთა რაოდენობაში, ასევე, თითქმის ორმაგი განსხვავებაა: 451 024 გამოძიების ვერსიით, საპირისპირო მონაცემების მიხედვით კი - 278 827.
იმ ინფორმაციის მიხედვით, რომელიც BBC-ს ანონიმურმა წყარომ გადასცა, ირანში კორონავიუსით პირველი პაციენტი 22 იანვარს გარდაიცვალა, თითქმის ერთი თვით ადრე, ვიდრე ოფიციალური მთავრობა გარდაცვალების შემთხვევას დაადასტურებდა.

ირანში სტატისტიკის გაყალბების შესახებ ეჭვები ბევრ დამკვირვებელს გაუჩნდა. ეროვნულ და რეგიონულ დონეებზე მონაცემებს შორის სხვაობა წარსულშიც ფიქსირდებოდა, ამ თემაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კომენტარებიც გააკეთეს და ალტერნატიული ვარაუდების გაჟღერება სცადეს.
BBC-სთვის წყაროს მიერ გაგზავნილი მონაცემები მოიცავს ირანის საავადმყოფოებში პაციენტების ჰოსპიტალიზაციის მონაცემებს, მათ შორის სახელებს, ასაკს, სქესს, სიმპტომებს და საავადმყოფოში გატარებულ პერიოდს. სიებში არსებული დეტალები შეესაბამება ზოგიერთ ცოცხალ და გარდაცვლილ პაციენტს, რომელთა შესახებ BBC-სთვის ინფორმაცია მანამდეც ცნობილი იყო.
წყარო ამბობს, რომ გამოცემას ეს ინფორმაცია მიაწოდა, რათა სიმართლე გაჟღერებულიყო და დასრულებულიყო "პოლიტიკური თამაშები" ეპიდემიასთან დაკავშირებით.