პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, დეპუტატების საქმიანობის შეფასება მათი გამოსვლების რაოდენობით ზედაპირულია. ეს შეფასება თალაკვაძემ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევასთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის მიხედვითაც, 2019 წელს 21 დეპუტატს პარლამენტში სიტყვის გამოსვლის უფლებით არცერთხელ უსარგებლია.
დეპუტატების საქმიანობის შეფასება მათი გამოსვლების რაოდენობით, ვფიქრობ, ეს არის ყველაზე ზედაპირული შეფასება, რომელიც ოდესმე მომისმენია და მინახავს სხვა ევროპული პარლამენტების შემთხვევაში. ამიტომ მე ვთხოვდი ყველას, ვინც დაინტერესებულია პარლამენტის საქმიანობა შეაფასოს, მექანიკურად კი არ დათვალონ გამოსვლების რაოდენობა, არამედ ნახონ რას აკეთებენ ეს ადამიანები იმ საზოგადოებაში, სადაც ისინი აირჩიეს, - თქვა არჩილ თალაკვაძემ.
ამ თემასთან დაკავშიებით "ქართული ოცნების" დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, რომ პარლამენტს აქტიური წევრები ჰყავს და ის დეპუტატები, რომლებსაც 2019 წლის განმავლობაში სიტყვით გამოსვლის უფლებით ერთხელაც არ უსარგებლიათ, საპარლამენტო საქმიანობას სხვა ფორმით ახორციელებენ.
შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პარლამენტის საქმიანობის ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე 21 დეპუტატს სიტყვის გამოსვლის უფლებით საერთოდ არ უსარგებლია. აღნიშნული 21 დეპუტატიდან 18 "ქართული ოცნების" წევრია.
დეპუტატების სია შეგიძლიათ ნახოთ აქ.