შეკითხვა დაუსვით ბეჟაშვილს, როცა ჩათში 5 კანდიდატი იყო ჩაგდებული, რატომ თქვა, რომ 4 იყო? - ნატო ჩხეიძე ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარეს, ლევან ბეჟაშვილს პასუხობს და აცხადებს, რომ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრობის დასახელებული 4 კანდიდატის გარდა, კიდევ იყო ერთი კანდიდატი - ნიშნიანიძე, რომელიც მეორე ტურში გადავიდა:
„ნაციონალური მოძრაობის“ ბრიფინგის დროს არ ვიცი მეტი გულწრფელობის, დამაჯერებლობის თუ თვალსაჩინოებისთვის თქვეს, ჩათში ჩაწერილი მესიჯის შესახებ, რომ იყო ოთხი გვარი: სალია, საჯაია, წიქარიშვილი და მუხაშავრია და თქვეს, რომ ჩათში ჩაგდებული იყო ეს ოთხი გვარი, მათ დაავიწყდათ ან დაივიწყეს, რომ იმ ჩათში მეხუთე გვარი იყო ნიშნიანიძე, მაგრამ ეს არ დაივიწყა „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც საერთოდ დიდად პირობის შემსრულებელი არ არის, მაგრამ ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, მოინდომეს რაღაც პირობის შესრულება და იმ კანდიდატთა სიაში, რომლებიც მეორე ტურში გადავიდნენ, ერთ - ერთი არის ნიშნიანიძე. როგორც ჩანს, მოქმედებდა ფორმულა 4/1- ზე, რომელიც მთლად ბოლომდე და ნათლად ოპოზიციური ჯგუფებისთვისაც არ იყო მთლად დამაჯერებელი თუ გაგებული, ამიტომ იყო ოპოზიციური ჯგუფებიდან ფრაზები იმის შესახებ, რომ აქ არის გარიგება და ეს გარიგება საბოლოო ჯამში დაგვბრალდა ჩვენ, ჩხეიძეებს, მაჭუტაძეს და კიდევ ორ დეპუტატს, „ნაციონალური მოძრაობა“ გადგა გვერდზე და აღშფოთებული სახეც მიიღო. მე ცხადია, კითხვები მექნება „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის ზოგიერთ წევრთან. შეკითხვა დაუსვით ბეჟაშვილს, როცა ჩათში 5 კანდიდატი იყო ჩაგდებული, რატომ თქვა, რომ 4 იყო?” - განაცხადა ჩხეიძემ.
17 მაისის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გუშინ გამართული კენჭისყრის შედეგად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოში არსებული 5 არამოსამართლე წევრის ვაკანსიიდან სამი ვაკანსია შეივსო. 90 ხმაზე მეტი ხმა ტრისტან ბენაშვილმა (93 ხმა), გიორგი გზობავამ (91 ხმა) და ზურაბ გურასპაშვილმა (93 ხმა) მიიღეს და შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები გახდნენ. აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ უმრავლესობას პარლამენტში სულ 84 ხმა აქვს.
როგორც ცნობილია, კანდიდატებს საპარლამენტო უმრავლესობისა და "ევროპელი სოციალისტების" გარდა, მხარი დაუჭირეს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დეპუტატებმა ნიკა მაჭუტაძემ, ნატო ჩხეიძემ, როსტომ ჩხეიძემ და ბაჩუკი ქარდავამ, ასევე უფრაქციო დეპუტატმა დილარ ხაბულიანმა.
ენმ-ში თანაფრაქციელების გადაწყვეტილებას მწვავე რეაქცია მოჰყვა. შედეგად ფრაქცია დატოვეს ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა და ნიკა მაჭუტაძემ. მათ "ოცნების" კანდიდატებისთვის მხარდაჭერის მიზეზად ოპოზიციას შორის კომუნიკაციის არარსებობა დაასახელეს და თქვეს, რომ არავის გაუფრთხილებია, რომ წარდგენილი კანდიდატებისთვის ხმა არ უნდა მიეცათ.
ენმ-ის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა პასუხად გუშინ განაცხადა, რომ კენჭისყრამდე ჩათში 4 გვარი ჩავარდა, რეკომენდაციის სახით, თუ ვისთვის უნდა დაეჭირა მხარი ოპოზიციას.