
"დაიფიცეთ შვილები, რომ ნიშნიანიძის მხარდაჭერა მე გითხარით", - ასე მიმართა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ნატო ჩხეიძემ ენმ-ის წევრს, ლევან ბეჟაშვილს "მთავარი არხის" ეთერში და გუშინ, პარლამენტში მომხდარ კენჭისყრას გამოეხმაურა, რა დროსაც ის ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც "ოცნების" მიერ წარდგენილ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანდიდატებს მხარი დაუჭირა.
"საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ბატონ ბეჟაშვილს სურდა, გასვრილები გავსულიყავით ჩვენ აქედან. ამ ძალიან მძიმე სიტუაციაში ჩვენ ბეჟაშვილმა ჩაგვაყენა", - განაცხადა ნატო ჩხეიძემ ბეჟაშვილის პასუხის მოსმენის შემდეგ და მას "შვილების ტყუილზე დაფიცებაში" დასდო ბრალი.
ნატო ჩხეიძის თქმით, 17 მაისს "საუბარი იყო იმაზე, რომ ერთ კანდიდატს შესაძლებელია მიეცეს ხმა და რომ კონსენსუსის დგება საიმისოდ, რომ იქნება 4 კანდიდატი მათი და 1 ჩვენი... ამიტომ ჩემთვის გახდა ამ ფორმულის შედეგად ის, რომ იმისათვის, რომ გავიდეს ერთი ჩვენი კანდიდატი, საჭროა გავიდეს 4 მათი კანდიდატი".
შეგახსენებთ, რომ 17 მაისის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გუშინ გამართული კენჭისყრის შედეგად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოში არსებული 5 არამოსამართლე წევრის ვაკანსიიდან სამი ვაკანსია შეივსო. 90 ხმაზე მეტი ხმა ტრისტან ბენაშვილმა (93 ხმა), გიორგი გზობავამ (91 ხმა) და ზურაბ გურასპაშვილმა (93 ხმა) მიიღეს და შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები გახდნენ. აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ უმრავლესობას პარლამენტში სულ 84 ხმა აქვს.
როგორც ცნობილია, კანდიდატებს საპარლამენტო უმრავლესობისა და "ევროპელი სოციალისტების" გარდა, მხარი დაუჭირეს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დეპუტატებმა ნიკა მაჭუტაძემ, ნატო ჩხეიძემ, როსტომ ჩხეიძემ და ბაჩუკი ქარდავამ, ასევე უფრაქციო დეპუტატმა დილარ ხაბულიანმა.
ენმ-ში თანაფრაქციელების გადაწყვეტილებას მწვავე რეაქცია მოჰყვა. შედეგად ფრაქცია დატოვეს ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა და ნიკა მაჭუტაძემ. მათ "ოცნების" კანდიდატებისთვის მხარდაჭერის მიზეზად ოპოზიციას შორის კომუნიკაციის არარსებობა დაასახელეს და თქვეს, რომ არავის გაუფრთხილებია, რომ წარდგენილი კანდიდატებისთვის ხმა არ უნდა მიეცათ.
ენმ-ის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა პასუხად გუშინ განაცხადა, რომ კენჭისყრამდე ჩათში 4 გვარი ჩავარდა, რეკომენდაციის სახით, თუ ვისთვის უნდა დაეჭირა მხარი ოპოზიციას.